პრემიერი- ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება

„მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. მისივე განმარტებით, ხელისუფლება ახორციელებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად.
”ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში. მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, ფართომასშტაბიან ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს.
”სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გატარებული რეფორმები მთავრობის დღის წესრიგის ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება, რაც უწყვეტი პროცესია და ჩვენ კვლავ გვაქვს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მისი გუნდის ყველა წევრს, ასევე, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს და ევროკავშირის ქვეყნების თითოეულ ელჩს, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა.
“ევროკავშირის საბჭომ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ”, – ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ხელი უნდა მოაწეროს მიღებულ რეგულაციას. ტექსტი შემდგომ გამოქვეყნებული იქნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 20 დღეში. მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაჰყავს „დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ვიზა არ სჭირდებათ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები