საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიმართვა სახალხო დამცველს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო სახალხო დამცველს მიმართავს.
აღმასრულებელი საბჭო გამოთქვამს მზაობას ომბუდსმენს მიაწოდოს, ნებისმიერი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„უპირველეს ყოვლისა, გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება სახალხო დამცველის მიმართ, რადგან ის აქტიურად არის ჩართული და თვალს ადევნებს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს.
გვსურს, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის მიერ 23 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებას.
თავდაპირველად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღმასრულებელი საბჭოს მიერ 17 თებერვალს სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილ გეგმაში სამ ჯგუფად დანაწევრებული გადაცემები, არსებულ რეალობაში, მხოლოდ რეიტინგებით განსხვავდება და, ამდენად, სხვა კრიტერიუმები ვერ იქნებოდა გამოყენებული მათ განსასხვავებლად.
ხარისხის საექსპერტო და ფოკუს ჯგუფების კვლევის ჩატარება ამ რეალობაში – სპეციალისტების შეფასებით, უმთავრესად, დაბალი ყურებადობის გამო – არარელევანტურია. თავის მხრივ, დაბალი ყურებადობის გადაცემების გავლენის შეფასებაზე საუბარი არაპროფესიონალურია.
რაც შეეხება ფასეულობას დანახარჯებთან მიმართებაში, ეს კრიტერიუმი, ძირითადად, ორგანიზაციის ეფექტიანობის შესაფასებლად უნდა იყოს გამოყენებული და არა ცალკეული მედიაპროდუქტის. სწორად აღნიშნავს სახალხო დამცველი, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა და არა ცალკეული გადაცემები. ცხადია, საზოგადოებრივი მაუწყებელი, გრძელვადიან პერსპექტივაში, განიხილავს ხარისხისა და გავლენის შეფასებას გადაცემებთან მიმართებაშიც, თუმცა, რეიტინგი, ანუ გადაცემათა ყურებადობა და აუდიტორიის წვდომა აუცილებელ და უპირველეს კრიტერიუმად უნდა განვსაზღვროთ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომერციული მაუწყებლებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეიტინგს განიხილავს, როგორც ყურებადობის დადგენის ერთადერთ, ყველაზე ობიექტურ ინსტრუმენტს და არ გვაქვს რაიმე საფუძველი, ვისაუბროთ რეიტინგის მთვლელის სანდოობაზე.
ჩვენი აზრით, სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომ „საზოგადოებაში არსებობს კითხვები მთვლელის სანდოობასთან დაკავშირებით“, არ წარმოადგენს საკითხზე პროფესიონალური მჯელობის ფორმას. თავის მხრივ, დაუსაბუთებლად მიგვაჩნია განცხადება, თითქოს, მენეჯმენტის მიერ ბადის ფორმირების პროცესი კავშირში იყოს გადაცემათა ყურებადობასთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ზუსტად 2016 წელს, უაღრესად მნიშვნელოვანი სეგმენტ-ანალიზის საფუძველზე მოხდა სამაუწყებლო ბადის ფორმირება, რაც დაეფუძნა კვალიფიციურ და ძვირადღირებულ კვლევებს.
თავის მხრივ, ასევე დაუსაბუთებლად მიგვაჩნია წინასწარ გამოთქმული მოსაზრება, თითქოს, აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეასრულებს საკანონმდებლო ვალდებულებებს.
ასევე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ტერმინების – „მიუღებელია“, „დაუშვებელია“ და სხვ. გამოყენება იმასთან მიმართებით, თუ რას დაეფუძნება მენეჯმენტის გადაწყვეტილება გადაცემათა დახურვის ან გახსნის ნაწილში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის განცდას აჩენს.
აუცილებლად გვსურს გამოვეხმაუროთ ასევე იმასაც, თუ როგორ იმოქმედებს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემათა დახურვის შემდეგ. ამ გადაცემებში დასაქმებულ თანამშრომლებთან მიმართებაში, რასაკვირველია, ვიმოქმედებთ კანონის ყველა ნორმის დაცვით. ასევე, შევასწორებთ ერთ ფაქტობრივ უზუსტობას: თანამშრომლებს, რომლებიც ნახსენები არიან განცხადებაში, ერთთვიანი ხელშეკრულება კი არ გაუფორმდათ, არამედ მათი ხელშეკრულების ვადა ერთი თვით იყო გაგრძელებული განსაკუთრებული გარემოებიდან გამომდინარე და ეს ყოველივე მოხდა არა „სამწლიანი სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაციის შემდეგ, არამედ მანამდე.
აქვე გამოვთქვამთ მზაობას, სახალხო დამცველს მივაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ნებისმიერი მისთვის მისაღები ფორმით, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფაქტობრივი უზუსტობანი, დაუსაბუთებელი მსჯელობა და, რაც მთავარია, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მიეცეს დამოუკიდებელი სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა“,- აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები