სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზი” მუშაობას განახლებული ფორმატით განაგრძობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასტუმრო „ბომონდ გარდენში” „სამოქალაქო დარბაზის” მე-9 სხდომა გამართა. სააგენტოს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტუალური საკითხები განახლებულ ფორმატში განიხილეს. „სამოქალაქო დარბაზის” სხდომა სამ თემატურ ჯგუფად გაიყო, სადაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებაზე, საკანონმდებლო სიახლეებზე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესსა და 2017 წლის გეგმებზე იმსჯელეს.
„მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა სურსათის ეროვნული სააგენტოს პოლიტიკის შემუშავებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან, სისტემატურად იმართება შეხვედრები, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივები განიხილება. ახალი ფორმატი საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა” – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული „სამოქალაქო დარბაზის” სხდომა ყოველკვარტალურად იმართება. მასში მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი.
„სამოქალაქო დარბაზის” სხდომა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტი საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები