საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობა შეაჯამა

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის 16-ე სესიაზე, ეუთოს წევრი ქვეყნების 300-მდე დელეგატმა მსოფლიო უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მოხსენებები მოისმინეს და დისკუსიები გამართეს.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განახლებული შემადგენლობით პირველად წარსდგა.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართეს, რომელზეც საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდამჭერი გზავნილები მოისმინეს. ორდღიანი სამუშაო პროგრამა დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეაფასა.
„საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ორი დღის განმავლობაში, საპარლამენტო დელეგაციამ საპარლამენტო და ორმხრივ ფორმატში საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გამართა. სესიის საკომიტეტო სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ანგარიშის განხილვაც მოეწყო, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, მის მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას. სესიის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გავმართეთ ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან.
ეუთოს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან ასევე შედგა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, რომლებზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის და საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, დელეგაციის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის და დემოკრატიული გარდაქმნების თვალსაზრისით, საქართველოს პარტნიორების მხრიდან სულ უფრო იზრდება და დღეს ბევრად უფრო მეტია რწმენა ჩვენი ქვეყნისადმი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა და ვალდებულებების მიმართ გაწეული სამუშაო, სახელმწიფოს მიერ გატარებული ნამდვილად სწორი კურსია და ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში სოფიო ქაცარავას, არჩილ თალაკვაძის და გიორგი წერეთელით იღებდა მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები