მთავარი პროკურორი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს პროკურატურასა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას და სტუდენტებისათვის პრაქტიკული ცოდნის მიღების ხელშეწყობას.
ღონისძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა და მას მთავარი პროკურორის მოადგილეები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე პროექტებს, უწყების პრიორიტეტებსა და არსებულ სტაჟირების სისტემას.
იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურებაზე, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის ხელშეწყობაზე.
შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ერთ-ერთ ძირითად საკითხს საჭირო პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კადრების სიმცირე წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა ორიენტირებულია კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და მათი მუდმივი განვითარების ხელშეწყობაზე, რადგან, ნებისმიერი უწყების ეფექტიანი საქმიანობა მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სტუდენტების, მომავალი თაობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა და სრული მზაობა გამოხატა აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
საქართველოს პროკურატურას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 11 უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფორმებული, რომელთა რიცხვს დღეს 2 უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შეემატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები