ეპისკოპოსი საბა ბრიუსელის ვიზიტზე – „ის მითები, რომლებიც არსებობს ნატოს შესახებ უნდა დაინგრეს”

ბრიუსელში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები შეხვედრებს ნატოს სათაო ოფისში მართავენ.
ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები უკვე შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში,  ჯეიმს აპატურაის.
ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD)  ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
“ნება ქართველი ერის ყოველთვის ევროპისკენ სწრაფვა იყო. დაცულობა იმ რეგიონში, სადაც რუსეთმა არაერთხელ მოახდინა აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა… ის მითები, რომლებიც არსებობს ნატოს შესახებ, უნდა დაინგრეს”, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.
ბელგიაში ვიზიტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმაც შეაფასა:
“ჩვენ აქ ყველანაირად მიღებული ვართ… ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ემსხვრევათ არსებული სტერეოტიპები, აინტერესებთ ვინ ვართ, რა ხალხი ვართ. ჩვენც გვაინტერესებს სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ. ჩვენი ვიზიტი და ჩვენი წარმომადგენლობა სწორედ ამას ემსახურება”, – აღნიშნა მეუფე ანტონმა.
ნატოში შეხვედრები მთელი დღის განმვლობაში გაგრძელდება.
სასულიერო პირებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, კარმენ რომეროს, აშშ-ის, ნიდერლანდების, რუმინეთისა და ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენლებს.
დელეგაცია ესტუმრება საქართველოს წარმომადგენლობას ნატოში, მათ ელჩი ალექსანდრე მაისურაძე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ვიზიტით ბრიუსელში 2016 წლის 7-11 ნოემბერსაც იმყოფებოდა.
სინოდის წევრები, სასულიერო პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მაშინ, ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ინფორმაცია გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ მიაწოდა.
16839765_1395924750430014_989794472_n
16923614_1395924450430044_2137789933_n
16934180_1395924233763399_1028442715_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები