ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა არასწორია

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა არ არის სწორი და კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება გამოძიების დასრულების შემდეგ.
„ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიცია ჩქარობს და ამ სიჩქარეში შეცდომებს უშვებს. მათ შორის შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა დააყენა. ისინი გამოძიების დეტალებში გარკვეულნი რომ იყვნენ, დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდნენ. დეტალებში გარკვეული არც მე ვარ და ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მას შემდეგ, რაც გამოძიების დეტალები გაირკვევა, შეგვიძლია, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, მათ შორის იმაზე – ვინ აკეთებს პასუხისმგებლიან განცხადებებს, ვინ უპასუხისმგებლო განცხადებებს, ვინ ჩქარობს და ვინ არ ჩქარობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სიმართლის გარკვევაში ქვეყნის თითოეული მოქალაქე სასიცოცხლოდაა დაინტერესებული და საზოგადოებას მოუწოდა, პროკურატურასთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.
„ნაჩქარევი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის, რადგან ნაჩქარევი განცხადებების გაკეთების დროს კონკრეტული სუბიექტები სერიოზულ შეცდომებს უშვებენ . აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ ნაჩქარევი და არასწორი განცხადებები არ გააკეთონ პროკურატურასთან და ზოგადად, საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით მთავარია, სიმართლე გაირკვეს და ეს რა ფორმით გაკეთდება, ვიდეო მასალებით, აუდიო მასალებით თუ სხვა რაიმე გზით, ეს დეტალებია და მთავარია, სიმართლე გაირკვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები