ზურა აბაშიძე: 2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა, არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო არაფერი

„რუსეთთან გაუაზრებელი პოლიტიკისთვის წინა ხელისუფლებიდან დღემდე ბოდიში არავის მოუხდია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ 2008 წელს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო არაფერი, რათა ეს უდიდესი კატასტროფა მომხდარიყო.
„2008 წლის თემას რაც შეეხება, საყოველთაოდ ცნობილია, რომ არის რადიკალური განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ეს ომი.
საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო თავისი პოლიტიკით არაფერი იმისთვის, რათა მომხდარიყო ეს ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლოეს ისტორიაში. ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი მეტი არაფერი დარჩა. შემიძლია ჩამოგითვალოთ, რა დავთმეთ: 20% ჩვენი ტერიტორიისა გადაიფორმა რუსეთმა; დავთმეთ ის ტერიტორიები, რომლებსაც ჩვენ ვაკონტროლებდით; რუსულ კომპანიებს მიეყიდა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში; ჩვენი წიაღისეული: მადნეული, კვარციტი, თბილისის წყალი… დიდი ძალისხმევით, საქართველოდან გაყვანილი რუსული ბაზები 2008 წლის შემდეგ კვლავ შემობრუნდა საქართველოში; საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის შემდეგ, იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ ეს რეგიონები. არაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ იყო უამრავი მსხვერპლი, უამრავი ლტოლვილი.
ეს ყველაფერი ხდებოდა პატარა მუშტების ქნევითა და ხმამაღალი განცხადებების ფონზე. რეალურად მოხდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა – ქვეყანა ფაქტობრივად, დაიშალა.
ეს არის შედეგი 2008 წლის ომისა და ეს ხშირ-ხშირად უნდა გავიმეოროთ იმისათვის, რათა აღარ ვახსენოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა მაამებლობა, დათმობა და ა.შ. ამის შემდეგ რაღა დარჩა დასათმობი?“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები