„ბოლშევიკური რუსეთის სატირა პირველი რესპუბლიკის იუმორისტულ პრესაში’’ – დარეჯან ხვედელიძის პრეზენტაცია გაიმართება

24 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების სპეციალისტის, დარეჯან ხვედელიძის პრეზენტაცია თემაზე: „ბოლშევიკური რუსეთის სატირა პირველი რესპუბლიკის იუმორისტულ პრესაში’’.
დარეჯან ხვედელიძე: „25 თებერვალი ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ პრეზენტაციას „ბოლშევიკური რუსეთის სატირა პირველი რესპუბლიკის იუმორისტულ პრესაში’’.
გთავაზობთ 1918–21 წლებში გამოცემულ იუმორისტულ ჟურნალში – „ეშმაკის მათრახი“ – გამოქვეყნებულ სატირულ მასალას, რომელშიც გაშარჟებულია ბოლშევიკური რუსეთი, როგორც, ერთის მხრივ, ჩვენი თავისუფლების აშკარა მტერი და პოტენციური აგრესორი და, მეორეს მხრივ, გაშარჟებულია რუსეთის ბოლშევიკური ტოტალიტარული რეჟიმი მისი ყველა გამოვლინებით. მასალის დიდ ნაწილს შეადგენს პოლიტიკური შარჟები და კომიქსები, თუმცა წარმოდგენილია აგრეთვე თხრობითი მასალაც (ნაწყვეტები ფელეტონებიდან და ეპიგრამებიდან).
აღნიშნული მდიდარი მასალა საინტერესოა ბევრი ასპექტით, თუმცა განსაკუთრებით ხაზგასასმელია იმპერიალისტური რუსეთის დაუნდობელი კრიტიკის პათოსი, რომელიც იგრძნობა ლამის ყოველ ნომერში და რომელიც მიანიშნებს, თუ რამდენად ძლიერი იყო უნდობლობა რუსეთის, როგორც პოტენციური აგრესორის მიმართ, იმისდა მიუხედავად, რომ მან დე იურე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ვცნობდეთ მტერს და აქტიურად გვახსოვდეს იგი, ჩვენ დღესაც სასწავლი გვაქვს“, – განაცხადა დარეჯან ხვედელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები