საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა: „სიმართლე თებერვალზე“

21 თებერვალს, 12:30 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამას: „სიმართლე თებერვალზე“ (25 თებერვალი ემიგრანტული არქივების ფურცლებზე).
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროგრამა გულისხმობს გამოფენასა და საგანმანათლებლო პროგრამას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობები: გიორგი კვინიტაძის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატე სალიებისა და სხვა ემიგრანტულ არქივებში, ასევე პერიოდულ გამოცემებში დაცული მასალა 25 თებერვლის, საქართველოს ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის შესახებ.
გამოფენილი იქნება: პირადი წერილები, შეფასებები ემიგრანტული პრესის ფურცლებზე, მოგონებები, საზოგადოებისათვის უცნობი აუდიომასალა – კარლო ინასარიძის არქივში დაცული რადიო „თავისუფლების“ ჩანაწერები 25 თებერვლის შესახებ, და ა. შ.
სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეების, სტუდენტებისა და დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის შედგება სალექციო შეხვედრები.
21 თებერვალს ლექციას წაიკითხავს ბექა კობახიძე, ისტორიის დოქტორი (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო). თემაზე – „ საბჭოთა ოკუპაციის საერთაშორისო წინაპირობები“.
24 თებერვალს ლექციას წაიკითხავს რუსუდან ნიშნიანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თემაზე: „XX საუკუნის 20-იანი წლები და საქართველოს თავგადასავალი“.
გამოფენა 24 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი დათვალიერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები