ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველი ეტაპი მიმდინარე კვირაში დასრულდება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის – საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს მეორე სხდომას მართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, პირველმა, მეორე და მეოთხე სამუშაო ჯგუფებმა, პრაქტიკულად, შეხვედრების პირველი რაუნდი დაასრულეს და მიმდინარე კვირაში მესამე სამუშაო ჯგუფიც მის კომპეტენციაში შემავალი თავების განხილვას დაასრულებს, რითაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდება.
”ამის შემდეგ, როგორც უკვე შევთანხმდით, მომზადდება რედაქციები, მათ შორის ალტერნატივები, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ, უკვე გადავალთ მუშაობის მეორე რაუნდზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხის განხილვა განაგრძო. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესი.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მეორე, მეოთხე და მეშვიდე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს. საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები