ვინ არის ინტერპოლის თანამშრომელი, რომელსაც ვაკეში ცეცხლი გაუხსნეს – პროკურატურის კომენტარი

ვაკეში წუხელ, გვიან ღამით მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პროკურატურა პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის II და III ნაწილებით.
მისივე განმარტებით, “ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი – როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
თავის დაცვის მიზნით, როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით გაისროლა. შედეგად, დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა სუხიაშვილმა.
დაჭრილი ხეჩინაშვილი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტშია მოთავსებული.
ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტს იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში შემოვიდა კომბინირებული დაზიანებებით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით. იყო მარჯვენა ფილტვის მრავლობითი დაზიანება. ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ასევე, იყო მეორე ცეცხლსასროლი ჭრილობა თეძოს მიდამოებში, რომელიც მიემართებოდა ხერხემლისკენ და გაჩერებულია ხერხემლის სვეტთან. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი მდგომარეობა რჩება მძიმე“, – განაცხადა ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გვახარიამ.
ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე, შეიარაღებული თავდასხმა გვიან ღამით მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი BMW-ს მარკის ჯიპს გაუხსნეს, რომელშიც რამდენიმე პირი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები