მამა თეოდორე გიგნაძე: თუ ერთ ქალბატონს შეუძლია ეკლესია და პატრიარქი მართოს, მაშინ სინოდი რას აკეთებს?
მამა თეოდორე გიგნაძე მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მისამართით საპატრიარქოში დიდ გავლენებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. როგორც გიგნაძემ გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას აღნიშნა, ვერაფერს გამორიცხავს, თუმცა მისთვის წარმოუდგენელია ერთი ქალბატონი მართავდეს სინოდს და პატრიარქს.
„ჩემთვის ეპისკოპოსის სიტყვა მინდა ყოველთვის იყოს ავტორიტეტული. მე მღვდელი ვარ და როცა ეპისკოპოსი საუბრობს, მინდა ვენდო ყველაფერში, მაგრამ კითხვის ნიშნები მიჩნდება. არ მინდა უნდობლობა გამოვუცხადო ეპისკოპოსს, არ მინდა ვიყო მდივან-რეფერენტის ადვოკატი, მაგრამ მიჩნდება ასეთი კითხვა – თუ არსებობს მდივანი, რომელსაც ეკლესიაში იურიდიული უფლება არ აქვს, იურიდილი უფლებები გააჩნიათ მაღალ იერარქებს, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი მართავდეს ეკლესიას? თუ ეს ასეა საშინელებაა, მაგრამ საშინელება ისიც არის, რომ მაშინ ამდენი ეპისკოპოსი რას აკეთებს?
ეს არის ინტელექტუალური შოკი, თუ ეს ასეა, მე არაფერს არ გამოვრიცხავ – არც იმას რომ მეუფე ცდება, არც იმას, რომ მდივან-რეფერენტია დამნაშავე, მაგრამ კითხვას ვსვამ, თუ ერთ ქალბატონს შეუძლია ეკლესია, პატრიარქი და მთელი სინოდის მართოს, მაშინ სინოდი რას აკეთებს? რისთვის არიან ისინი ეპისკოპოსები?
მე მაგალითად, როგორც ქრისტეს მღვდელს, ვიღაცამ დამაბრალოს შენ მდივნის მორჩილი ხარო, ჩემთვის ეს იქნება ღირსების შელახვა, რადგან მე ვარ უფლის მორჩილი და ჩემი ეპისკოპოსის.
ასევე, მე არ მახსოვს, პატრიარქის ნახვა მდომოდა, ან ეკლესიაში რამის გაკეთება მდომოდა და ამაში ვინმეს ხელი შეეშალა, ხელი არ შეუშლია არც მდივანს და ვერც შემიშლიდა. მდივანს აქვს თავის ფუნქცია, ეკლესიის წინამძღვარს კი თავისი ფუნქცია“, – განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.