ადვოკატი: ირაკლი მამალაძე არის დეკანოზის გარე ბიძაშვილი და მისი უახლოესი მეგობარი

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს, რომ ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და არის უახლოესი მეგობარი, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში, ბრალდებულის მონახულების შემდეგ განუცხადა.
ადვოკატმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის განცხადებები გააცნო.
„მე გავაცანი ირაკლი მამალაძის სატელევიზიო გამოსვლა, რაზეც ამ ეტაპზე დამაბარა მხოლოდ ერთი ფრაზა: ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, ის არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და ის არის ირაკლი მამალაძის უახლოესი მეგობარი“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება იმ საკითხს, იყო თუ არა წარდგენილ ბრალდებაში საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირზე, ადვოკატის თქმით, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე, აღნიშნულზე ვერ ისაუბრებს.
„ამის გაუქმების შესახებ მთავარი პროკურორის სახელზე შეტანილი მაქვს განცხადება, რომ იქნებ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. იმედია, გაითვალისწინებენ ამ თხოვნას. სიამოვნებით ვისაუბრებდი ყველაფერზე ამ ბრალდების ირგვლივ, მათ შორის, საქმეში არსებულ მასალებზე, მოწმეებზე, თუმცა ეს ამ პირობის გამო არ შემიძლია“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები