ირაკლი მამალაძე: გამოვიდეს ის, დუმილის უფლებას რომ იყენებს და თქვას, სად მიდიოდა, რა მიჰქონდა, რატომ მიჰქონდა?

„გამოვიდეს ის, დუმილის უფლებას რომ იყენებს და თქვას, სად მიდიოდა, რა მიჰქონდა? რატომ მიჰქონდა? და ვინ იდგა მის უკან“, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც სამართალდამცავებმა 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, დღემდე დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს, პროკურატურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, იგი საქმის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, რადგან მას საგამოძიებო უწყებასთან გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დადებული.
„ მე რაც გავაკეთე? უნდა ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით, რომ მე მოვიქეცი როგორც კანონიერი მოქალაქე და ვითანამშრომლე გამოძიებასთან, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე გვქონდა უმძიმეს დანაშაულთან, რომლის აღკვეთაც, საბედნიეროდ, მოხდა. ორი არჩევანი მქონდა პირადად მე – ან უნდა ვყოფილყავი ჩართული დანაშაულში, ან უნდა მემხილებინა ის პირები, რომლებიც გეგმავდნენ უმძიმეს დანაშაულს. გამოძიებაში გამოიკვეთება გიორგი მამალაძის გახურებულ თავში ეს სიბინძურე როგორ მოიხარშებოდა, ამის უკან, სავარაუდოდ, დგანან ადამიანები, არის უამრავი მტკიცებულება, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, დაელოდოს საზოგადოება, ან თუ ასე ძალიან აინტერესებს საზოგადოების ნაწილს რა მოხდა, მე ვფიქრობ, რომ შექმნან რაღაცა ჯგუფი, მოითხოვონ პროკურატურაში შესვლა და ნახონ ეს ჩანაწერები. საუბარია არა მარტო აუდიო და ვიდეოჩანაწერებზე, არამედ ბევრ მტკიცებულებაზე. ამას გამოძიება თვითონ იტყვის. ის ადამიანები, რომლებიც მე დღეს ასე საჯაროდ მლანძღავენ და მიპირისპირდებიან, მინდა ვუთხრა მათ, აუცილებლად შერცხვებათ, იმის შემდეგ, რაც გამოძიება დადებს ყველა ფაქტს. მაშინ, როდესაც მათ ეძინათ, ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველოში აღკვეთეს უმძიმესი დანაშაული. აი, ეს შემიძლია გითხრათ და გადაარჩინეს ქვეყანა იმ უბედურებას, რაც იგეგმებოდა. არ ვიცი მე, სავარაუდოდ, ვისი მოკვლა იგეგმებოდა ან ვისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. გამოვიდეს ის, დუმილის უფლებას რომ იყენებს და თქვას, სად მიდიოდა, რა მიჰქონდა? რატომ მიჰქონდა? და ვინ იდგა მის უკან“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
აღსანიშნავია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე პეტრე ცაავამ ისაუბრა. საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამ ინტერვიუს დროს გახმაურდა. გადაცემაში გახდა ცნობილი, რომ პროკურატურაში, საქმის მასალებში, მტკიცებულების სახით, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ინტერვიუ ფიგურირებს, რომელიც მან დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ჩაწერა. მამალაძე საგამოძიებო უწყებაში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე ამჟამად ე.წ. მატროსოვის საპყრობილეშია მოთავსებული, თუმცა მანამდე ბრალდებული სასჯელაღსრულების სამინისტროს რუსთავის მე-6 საპყრობილეში იყო მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები