მამუკა არეშიძე: თუ მამა გიორგი მამალაძის წერილის ავთენტურობა დადასტურდა, მისი შინაარსი სარწმუნოა

“მე მიმაჩნია, რომ ეკლესიისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით, მოკვლევა უნდა დაიწყოს აუდიტმა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
არეშიძე თვლის, რომ რაც დღეს ეკლესიაში ხდება, მხოლოდ ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. მამუკა არეშიძე მამალაძესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს ახმოვანებს. ის თვლის, რომ საქმის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.
„არსებობს კითხვა, გენერალურ პროკურორს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ თავდასხმა მაინცდამაინც პატრიარქზე არ ხორციელდებოდა, აქ იყო საუბარი უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირზე და რატომღაც იყო აღქმული პატრიარქზე. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება დაეჩვია ინტრიგებში ცხოვრებას და კარგად ერკვევა ამ სქემაში“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
არეშიძის თქმით, პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს და საზოგადოებას ანგარიში უნდა გაეწიოს. მამუკა არეშიძე ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს მიერ ბოლშევიკების დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზეც საუბრობს.
„ეკლესიის მიმართ ქონების დაბრუნების პროცესში, მავანს გაეღვიძა ქვენა ვნებები და როგორც ჩანს, ხელის მოთბობა მოინდომა. საპატრიარქოში რასაკვირველია, არის გარკვეულ წრეებში დაპირისპირება და მცდელობა იმის, რომ ახლოს იყვნენ ამ ქონებასთან, უბრალოდ, ჩვენ ეს არ მოგვწონს, რადგან ეკლესია ითვლება ბევრად უფრო სუფთად. ჩვენს გვახსოვს სკანდალები, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა საპატრიარქოში. რაც შეეხება მამა პეტრეს განცხადებებს, ერთი რამის თქმა მინდა: „ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს, რომ იწველებოდეს”. სხვებს არ უნდა დააბრალონ ის, რაშიც თავადაც ერევიან. სამწუხაროდ, ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერს არ ვიტყვი, არ მინდა მონაწილეობა მივიღო დისკრედიტაციაში.
მე ვიცოდი, ვინ იყო მამალაძე, ვიცოდი მისი ურთიერთობის ამბები მეუფე დემეტრესთან. ქონების არასწორ განკარგვასთან დაკავშირებით, მასზე მე აუგი არ გამიგია. თუ მამა გიორგი მამალაძის წერილის ავთენტურობა დადასტურდა, მისი შინაარსი სარწმუნოა და სჭირდება სერიოზული შემოწმება. სინოდის ზოგიერთი წევრი წინააღმდეგია, რომ მოხდეს აუდიტის მიერ შემოწმება იმ ქონების, რაც ეკლესიას გადაეცა, მე კი ვფიქრობ, რომ უნდა შემოწმდეს, დასასჯელი დაისაჯოს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები