ექიმი: პატრიარქს სურს, რაც შეიძლება მალე ჩავიდეს საქართველოში

ბერლინის კლინიკაში მყოფი ექიმის, შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სურს, რაც შეიძლება დროზე ჩავიდეს საქართველოში.
მისი თქმით, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმის ფარგლებშია და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.
„ოპერაციის შემდგომ, პატრიარქის მდგომარეობა იყო კარგი. ამ დრომდე, ვითარება წავიდა გართულების გარეშე, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმის ფარგლებშია. თავად პატრიარქიც თავს კარგად გრძნობს, მას ჩივილი არ აქვს. ცოტა ხნის წინ მოვინახულე. ის ამჟამად იმყოფება პოსტოპერაციული ინტენსიური დაკვირვების პალატაში, როცა მე ვნახე, ის სავარძელში იჯდა, არის აქტიური, მესაუბრა და მას სურს, რაც შეიძლება დროზე ჩავიდეს საქართველოში. სავარაუდოდ, უკვე არის იმ კონდიციამდე, რომ შეიძლება მისი პალატაში გადაყვანა. ამიტომ შესაძლოა, ამ კვირაშიც დავტოვოთ გერმანია და ჩავიდეთ საქართველოში. მედიკამენტური მკურნალობის გაგრძელება ალბათ აღარ იქნება საჭირო და საჭირო იქნება რეჟიმი, სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი შეძლებისდაგვარად“, -განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.
პატრიარქი პალატაში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები