ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფარი ბავშვებისთვის “არდიმ“ გასართობი ღონისძიება მოაწყო

სადაზღვევო კომპანიამ “არდი“ არასამთავრობო ორგანიზაცია “ვორლდ ვიჟენთან“ ერთად, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება მოაწყო . 50-მდე მიუსაფარი მოზარდი და მცირეწლოვანი ბავშვი “ვენდისის“ სადღესასწაულო ცენტრში შეიკრიბა და “არდის” თანამშრომლებთან ერთად, სპეციალურად მათთვის მოწყობილ გასართობ პროგრამას დაესწრო.
პატარების სურვილითვე, აღნიშნულ ღონისძიებას ქართული ესტრადის ცნობილი სახეები – ნოდიკო ტატიშვილი და გიორგი სუხიტაშვილი დაესწრნენ. მათ ბავშვებისთვის არა მხოლოდ საუკეთესო ჰიტები შეასრულეს, არამედ მათ საკუთარი წარმატების შესახებ ესაუბრნენ, იმ სიძნელეებსა თუ გამოწვევებზე უამბეს, რომელიც ყოველთვის თან სდევს სასურველი მიზნების მისაღწევ გზას.
ღონისძიების დასასრულს, კომპანია “არდის“ წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად მსოფლიოსა და ქართული პროზის ბესთსელერებით დაკომპლექტებული საბავშვო ბიბლიოთეკა გადასცეს, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებულ ხელნაკეთ ბლოკნოტებთან ერთად.
“დღევანდელი ღონისძიების მიზანს ამ ბავშვებისთვის მხოლოდ ერთი ლამაზი დღის მოწყობა არ წარმოადგენს, ამ ღონისძიების მთავარი კონცეფცია ამ ბავშვების ჩვენს შვილებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ინტეგრირებაა. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ ვაკეთებთ ამას ასე საჯაროდ. თავდაპირველად, ამ დღის აღნიშვნის იდეა ახალი წლის დღესასწაულებს უკავშირდებოდა, მაგრამ ვინაიდან ვიფიქრეთ, რომ ახალი წლის დღეებში ამ ბავშვებთან ბევრი ადამიანი თუ ორგანიზაცია მივიდოდა, გადავწყვიტეთ მათთან მოგვიანებით მივსულიყავით. თუმცა, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვებთან არათუ ბევრი ორგანიზაცია, არამედ თითქმის არავინ მისულა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მორიგ დღესასწაულს აღარ დავლოდებოდით და უბრალოდ, ყოველგვარი თარიღების გარეშე, ერთი რიგითი დღე გაგველამაზებინა მათთვის. გვინდა ეს იყოს ერთგვარი მესიჯი, გამოწვევა სხვა კომპანიებისთვისაც, რომ მსგავს ღონისძიებებს მიეცეს რეგულარული ხასიათი და ჩვენ, ყველამ ერთად, ვიზრუნოთ მათ ბედნიერ მომავალზე, რაც უბრალოდ ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ არის“,- განაცხადა კომპანია “არდის“ პროდუქტების განვითარების და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, თეონა გოდერიძემ.
სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო პროექტი ტრადიციულ სახეს მიიღებს და მისი განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირების ხელისშემწყობ ღონისძიებად აფასებენ აღნიშნულ აქციას ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა ცენტრის წარმომადგენლები.
“ჩვენთან 6-დან 18 წლამდე ბავშვები არიან. ცენტრს გააჩნია ორი ფილიალი – ერთი -გლდანში (დღის ცენტრი), ხოლო მეორე – ჩიქობავას ქუჩაზე (24-საათიანი). ბავშვებს ძალიან უყვართ ჩვენს ცენტრში მოსვლა, რადგან ჩვენთან ისინი სწავლობენ სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში. ცენტრში არის სამჯერადი კვება, ჩვენ მათ ვამეცადინებთ, ვართობთ… შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით საზოგადოებაში ინტეგრირებაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისიძიებების ჩატარება, რადგან მათ ცხოვრებაში ასეთი დადებითი მოვლენები იშვიათია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სადაზღვევო კომპანია “არდის“ და ორგანიზაცია “ვორლდ ვიჟენს“, რომლებმაც ასეთი ლამაზი დღე აჩუქეს ჩვენს აღსაზრდელებს. ასეთი ღონისძიებები, დამატებით, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას“, – აცხადებს აღმზრდელი ნანი ჩილაშვილი.
სოციალურ აქციას ბავშვებიც ეხმაურებიან.
“ძალიან კარგი კონცერტი ჩაგვიტარეს, ძალიან მომეწონა, საახალწლო დღეებში გარეთ რომ კონცერტები იმართება, იმას ვესწრები ხოლმე, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, იმიტომ, რომ ჩვენთვის ჩატარდა, აქ ჩვენი ტოლი ბავშვებიც იყვნენ. მომავალში სწავლა მაქვს გადაწყვეტილი და მინდა მომღერალიც გამოვიდე. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ გართობის გარდა, ძალიან თბილად გვექცეოდნენ. დაგვპირდნენ, რომ კონცერტებს კიდევ გამართავენ, რაც ძალიან მიხარია“,- აცხადებს 8 წლის ნ.კ., რომელიც დღის ცენტრის ბენეფიციარია.
დღეს ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს, იძულების წესით, ქუჩაში, თუმცა მათი რიცხვი რომ დიდია, ამაზე ჩვენი ქალაქის ქუჩები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც მეტყველებს. სოციალური პროექტები, ბავშვების ჯანსაღ მომავალზე ორიენტირებული კომპანიები და საზოგადოების ჩართულობა იქნება ის გამოსავალი, რომელიც ამ ბავშვებს დაეხმარება განვითარებასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში.
კომპანია „არდი“ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ამ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს ახორციელებს. იმედია, მას სხვა კომპანიებიც მიბაძავენ. სიკეთე ხომ გადამდებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები