ესტონელები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა და ქართულმა სამზარეულომ ესტონელების მოწონება დაიმსახურა.
ბალტიისპირეთში ყველაზე ძველ და ფართომასშტაბიან გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა. კულინარიული მასტერკლასებისას,  ვიზიტორებისთვის იქვე მომზადდა აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელები და სხვა ქართული კერძები, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ჩართულობა და დაინტერესება გამოიწვია. როგორც რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობისას გაირკვა, გამოფენაზე მოსული ვიზიტორების უმრავლესობა დაინტერესებულია ბათუმში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობით. აჭარის სტენდი გამოფენაზე ესტონური მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ესტონელი ვიზიტორების რეგიონში მოზიდვის მიზნით, წელს პირველად, მარკეტინგულ და პიარკამპანიებს ესტონეთშიც იწყებს. გამოფენის ფარგლებში, დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე შეხვდენენ სარეკლამო კომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს, რომლებიც გეგმავენ, ესტონელი ტურისტები აჭარითა და საქართველოთი დააინტერესონ.
„ესტონეთი ერთ-ერთია იმ ახალ სამიზნე ქვეყნებს შორის, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ვგეგმავთ. რეგიონისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი დიდია და ვფიქრობთ, ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოების შემთხვეევაში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ იმოგზაურონ აჭარაში,“ – აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნონა მარკარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები