გამოფენა „ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან“ გაიმართება

 16 თებერვალს, 17:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში, გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში, გაიხსნება დიდი ინტერაქტიული გამოფენა: „ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან“, რომელიც გერმანიიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ბუნების სტიქიებთან ერთად, გარემოსდაცვით საკითხებს აერთიანებს.16731681_10206620595993354_1847109878_o
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენის გახსნას გოეთეს ინსტიტუტში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დაესწრებიან: საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გერლინდე მასუდი.
გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, ეს ინტერაქტიული გამოფენა მოიცავს ოთხ ელემენტს: წყალს, ცეცხლს, მიწას და ჰაერს. თითოეული ელემენტისთვის ცალ-ცალკე საგამოფენო პავილიონია გამოყოფილი მოძრავი სტენდების, ფოტოებისა და ილუსტრაციების სახით, რომელზეც ასახულია ყოველი სტიქიის მნიშვნელობა და სარგებელი. ეს ვიზუალური ფაქტობრივი მასალა ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად, თავიდანვე ემოციურად განაწყობს მნახველს და ასეთი ფორმით უჩვენებს გარემოსდაცვით საკითხებზე წარსულს, ბიომრავალფეროვნების აწმყოსა და ეკოლოგიის მომავალს, – რომ ეკონომიკური პროგრესი და გარემოს დაცვა თავისთავად, როგორ არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
შესაბამისად, ამ ექსპოზიციისთვის არსებითია საზოგადოების, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ეკოლოგიური თემებით დაინტერესება, მათი მობილიზება და აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვითი განათლების მიმართ. ამის გარდა, ამ მასშტაბური ინტერაქტიული გამოფენის მიზანია ის, რომ გარემოსდაცვითი სწავლების პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებსაც გასცდეს, მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდეს და გარკვეული პროექტები დაიგეგმოს მდგრადი განათლების თემაზე – ბუნება, როგორც გარემო, წყალი, საარსებო ნიადაგი, კლიმატი, საკვები და ბიომრავალფეროვნება. 16735355_10206620596753373_1898391953_o
საქართველოში ისევე, როგორც ევროპაში, ეს საკითხები აქტუალურია და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ უფრო ხშირად იკვეთება საკუთარი ინიციატივით ეკომომავლის შეცვლის მოტივაცია და სურვილი. ამიტომაც ეს გამოფენა თავისი მასშტაბით, შინაარსით და ეკოაზროვნებით ერთგვარი პლატფორმაა იმისა, თუ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა იმისთვის, რომ მდგრადი, დაცული და მშვიდობიანი მომავალი შეიქმნას.
გოეთეს ინსტიტუტში გამოფენა „ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან“ 21 მარტამდე გაიმართება, შემდეგ კი მოძრავი ექსპოზიცია ქუთაისსა და თელავში გადაინაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები