„ნაციონალური მოძრაობა“ მერიასთან აქციას მართავს
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიასთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ქალაქის ბიუჯეტიდან „რუსთავი 2“-ის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის რამდენიმე მილიონი ლარის ქონების გადაცემას აპროტესტებენ და დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.
საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც იმყოფებიან. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება ითხოვს კითხვებზე პასუხს, თუ რატომ გადაეცა „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველ მოსამართლეს თბილისელების ქონება.
მელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს მერისგან ვერ მოისმენენ კითხვებზე პასუხს, ქალაქის მერი „ვეღარ შეძლებს მერიაში შესვლას“.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, თანხა და უძრავი ქონება გადასცა.