არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლების ამოცანა, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაა

„სახელმწიფომ უნდა შექმნას ეს ორგანიზაცია, ამას კერძო და არასამთავრობო სექტორი ვერ შექმნის. სუს-ი ამ შემთხვევაში, ქმნის იმიტომ, რომ ეს სახელმწიფომ უნდა შექმნას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ხელისუფლების ამოცანა არის, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა. დეპუტატი ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ ის, რაზეც აქ საუბარი მიდის, ნამდვილად ვერ დაიცავს მომავალში ვერც ადამიანების სიცოცხლეს და ვერც სახელმწიფო ინტერესებს .
„საინტერესო მსჯელობა გაიმართა, რაც მოსალოდნელიც იყო. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ძალიან კონსტრუქციულ ფორმატში და საქმიან ატმოსფეროში გავაგრძელოთ და დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ, რომ ის, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარშემო ხდება ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირდაპირ გეტყვით, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება ჩვენი მოკავშირეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გადმოსახედიდან, იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და მტკიცე მოკავშირე, როგორც უსაფრთხოების, ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო გლობალური მისიის თვალსაზრისით. რასაც ვხედავთ აქ, არაერთ კითხვას ბადებს და კოლეგებს, რომლებიც პროფესიონალები არიან იურისპუდენციისა და ადამიანის უფლებების სფეროში, მინდა ვკითხო, რა არის თქვენი ხედვა? რა მოდელს გვთავაზობთ თქვენ? იმიტომ, რომ რასაც ახლა ვხედავთ, რა მოთხოვნებსაც აყენებენ, ეს არის პრაქტიკულად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საპრივატიზაციოდ გატანა. ასე გამოიყურება, რასაც გვთავაზობენ, რომ შევაჯამოთ ერთად: გამოდის რომ ჩვენ პრივატიზაციაზე უნდა გავუშვათ სახელმწიფოს ეს ფუნქცია. პირდაპირ გეტყვით, რომ ხელისუფლების ამოცანა არის, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა და ის, რაზეც აქ საუბარი მიდის, ნამდვილად ვერ დაიცავს მომავალში ადამიანების სიცოცხლეს და ვერც სახელმწიფო ინტერესებს ვერ დაიცავს. ამიტომ, ჩემთვის არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სახელმძღვანელო, პირველ რიგში, სახელმძღვანელო არის ის ინტერესები და ის მოვალეობები, რაც ჩვენ გვაქვს მოქალაქეების, მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე.
არ შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ჭრილში ვიფიქროთ და აპელირება ყოველთვის იმაზე გავაკეთოთ, რომ რადგან საკონსტიტუციომ ასე თქვა, ე.ი. ეს ასე უნდა გაკეთდეს ან ისე უნდა გაკეთდეს. იმ გადაწყვეტილებაში რაც წერია, ზედმიწევნით ყველა მოთხოვნა სრულდება. პირველი, წერია, რომ ეს ფუნქცია უნდა გავიდეს და გადაეცეს უფრო მაღალი დამოუკიდებლობის მქონე ორგანიზაციას. ასეთი ორგანიზაცია იქმნება – ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მომხრე ვარ, რომ ვიმსჯელოთ შენიშვნებზე. სახელმწიფომ უნდა შექმნას ეს ორგანიზაცია, ამას კერძო და არასამთავრობო სექტორი ვერ შექმნის. სუს-ი ამ შემთხვევაში ქმნის იმიტომ, რომ ეს სახელმწიფომ უნდა შექმნას. მეორე, საგამოძიებო ფუნქცია არ უნდა ჰქონდესო. არც აქვს საგამოძიებო ფუნქცია ამ მოდელით ახალ ორგანიზაციას. ის, რაც ჩამოთვალა ბატონმა გიორგიმ ეს არის ტექნიკური ფუნქციები, თუ კითხვები არის, უნდა ჰქონდეს თუ არ უნდა ჰქონდეს გამოკითხვის უფლება, ამაზეც ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს არის საქმიანი დეტალი და კი ბატონო, განვიხილოთ. იმ
გადაწყვეტილებაში ლაპარაკია კონტროლზეც – ახალი მოდელით სამივე შტო ჩართულია კონტროლში, პარლამენტი ჩართულია და მოდით გავაფართოვოთ, გავაუმჯობესოთ ნდობის ჯგუფის მანდატი. ასევე, ჩართულია სასამართლო, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორიც ჩართულია და ანგარიშვალდებულება ჩნდება აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშეც. სხვა რა კონტროლის მექანიზმები შეიძლება ჩავუდოთ ისეთ ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან? ეს რომ იყოს საბაზრო ეკონომიკის საკითხი, ან განათლების სისტემის რეფორმის საკითხი, დაგეთანხმებოდით, მაგრამ, ჩვენ, პრაქტიკულად, ასე გამოდის, ექსპერიმენტებს ვატარებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, როდესაც ვართ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნავთობი, ალმასის საბადო, რომლის ერთადერთი პოზიციონირება მსოფლიოში არის საიმედოობა და არის პარტნიორობა იმ რეფორმებში, რომელიც ტარდება, ასევე პარტნიორობა ანტიტერორისტულ ძალისხმევაში.
იმ ფონზე, როდესაც ისეთი სუპერდემოკრატიული ქვეყნები, როგორიცაა ბრიტანეთი, ბელგია, საფრანგეთი, ამკაცრებენ უსაფრთხოების სისტემებს, ზრდიან სახელმწიფოს ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, ჩვენ, გამოდის რომ, ექსპერიმენტებს ვიწყებთ, თითქოს ვკეკლუცობთ, გვინდა რომ ვიღაცას დავაჯეროთ, რომ რომის პაპზე უფრო კათოლიკეები ვართ.
ვენდობი თქვენს პროფესიონალიზმს და გამოვიყენოთ ეს გამოცდილება, მხარი დავუჭიროთ ისეთ სისტემას, რომელიც ადამიანებს დაიცავს. აქ კრეატიულობა ნაკლებად არის საჭირო. კიდევ ერთი საკითხი: თქვენ გსურთ, რომ მსჯელობა ისეთ კალაპოტში გადავიდეს, სახელმწიფოს ვხატავთ ისეთ ინსტიტუტად, რომელსაც საერთოდ არ უნდა ვენდოთ, უნდა შევქმნათ ისეთი სისტემები, რომელიც სახელმწიფოს უნდობლობის პირობებში იმუშავებს ეფექტურად? ეს არის სულისკვეთება, რასაც კრიტიკაში ვისმენთ ზოგიერთი ორგანიზაციისგან. ჩვენ თუ სახელმწიფოს საერთოდ არ ვენდობით, უკვე მცდარ გზაზე ვართ. შევთანხმდეთ, რომ კანონიერების მოლოდინი და ლეგიტიმური ნდობა სახელმწიფოს მიმართ გვაქვს და ამ ნდობის ფარგლებში, გვინდა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო. რასაც ბოლო დროს ვუყურებ, არის მცდელობა რომ სახელმწიფოს მოვაჭრათ ხელები და მივიღოთ ბიუსტი, რომელზეც ვიტყვით “რა მშვენიერია!” და ამით დასრულდება ყველაფერი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები