„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ აღინიშნება

16 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის – „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ – დასკვნითი ღონისძიება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიებაზე მოწვეული ავტორები: დათო ტურაშვილი, დიანა ანფიმიადი და ნესტან ნენე კვინიკაძე საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
ღონისძიების დასკვნით საღამოზე უკვე მეორედ გამოვლინდება “წლის წიგნის ქომაგი”, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და უკვე ტრადიციულ პრემიად იქცა.
დახურვის საღამოზევე გამოვლინდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფეისბუქკამპანიის მონაწილეებს შორის ყველაზე ორიგინალური ვიდეოს ავტორი. გამარჯვებულს გამოავლენს და დაასაჩუქრებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 16 თებერვალს უკვე მეორედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია Litworld.
წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვრითული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე იგეგმება.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის გვერდით. ჩაერთოს მრავალი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები