ია ანთაძე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ რჩება ამჟამინდელ ტერიტორიაზე, მესამე კორპუსში

„საზოგადოებრივი მაუწყებელი არსად არ გადადის, რჩება თავის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, მესამე კორპუსში“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ანთაძე აცხადებს, მაუწყებელი ინარჩუნებს მთელ ტერიტორიას და სამივე შენობას. მისივე თქმით, ტელევიზიის ქონების ბედი, ახლაც და მომავალშიც, მთლიანად სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომლების გადასაწყვეტია.
„ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებული არ მქონდა მუშაობა, როცა ჭორად მოვისმინე, რომ “საზმაუს” ამჟამინდელი ტერიტორია უნდა გაყიდულიყო და ამ ადგილზე სასტუმრო უნდა აშენებულიყო. გუშინ არაერთხელ განვმარტეთ, რომ რეფორმის ერთიანი გეგმის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შენობის საკითხის გადაწყვეტაა. ამის მიუხედავად, დღეს ისევ ყველა კოლეგა თავიდან მეკითხება, არსებობს თუ არა კერძო ინვესტორის ინტერესი ამ შენობის და ამ ტერიტორიის მიმართ. სწორედ რომ ძველი დირექტორების დროს მესმოდა, როგორ უნდა განთავსებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა შენობაში. ტელევიზიას ქალაქის ხან ერთ პერიფერიაში აგზავნიდნენ, ხან მეორეში.
ასეთი ჭორები, თუ რამე არ მეშლება, უკვე ათწლეულს ითვლის. სულ ერთი თვეა, რაც მაუწყებელში ახალი დირექტორია და ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ვასილ მაღლაფერიძის ყველაზე დიდი შედეგი სწორედ შენობის საკითხის გადაწყვეტა მგონია – საზოგადოებრივი მაუწყებელი არსად არ გადადის, რჩება თავის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, მესამე კორპუსში. ეს შენობა სრულიად დაუზიანებელია, მასში განთავსებულია საქართველოსთვის უნიკალური სტუდია და არსებობს ყველა პირობა, რომ სწორედ აქ შეიქმნას თანამედროვე ინფრასტრუქტურის, სანიმუშო ტელევიზია.
ამავდროულად, მაუწყებელი ინარჩუნებს მთელ ტერიტორიას და სამივე შენობას. ამ ქონების ბედი, ახლაც და მომავალშიც, მთლიანად სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომლების გადასაწყვეტია. ასე რომ, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დისკრედიტაციას შენობის საკითხზე აქცენტის გადატანით, შეუძლია, სხვა თემებზე გადაერთოს. მგონი, სადავო არ არის, რომ ვასიკოს, ჯერჯერობით, ყველაზე დიდი მადლობა სწორედ შენობის და ტერიტორიის საკითხის გადაწყვეტის გამო ეკუთვნის“, – წერს ია ანთაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები