დიმიტრი ხუნდაძე: დღეისათვის 3000-ზე მეტ ადამიანს სურს ბავშვის აყვანა, გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა კი 200-250-ია

“ადამიანს თუ შვილის აყვანა მოუნდება, წლების განმავლობაში რიგში ყოფნა უწევს”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძე შვილად აყვანის პროცედურებზე საუბრობს და თვლის, რომ შვილის ასაყვანად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, ის პოტენციური მშობლების მხრიდან გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენის აუცილებლობაზე საუბრობს.
“ერთხელ შეთავაზების შემთხვევაში, თუკი უარს განაცხადებენ შვილად აყვანაზე, მეორედ გაცხადებული უარის შემთხვევაში, ის რიგიდან მოიხსნება, რადგან ბავშვი არაა ნივთი, რომ შეაფასო. შვილად აყვანის მსურველმა უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის ცნობა, ასევე, უნდა გვქონდეს გარანტია იმისა, რომ ბავშვი არ იცხოვრებს სიღარიბეში. ყურადღება მიექცევა ასევე იმას, ხომ არ აქვს ბავშვის აყვანის მსურველს ჩადენილი მძიმე დანაშაული. სიახლეა, ასევე ის, რომ დაწესდა ასაკობრივი ცენზი – განისაზღვრა სხვაობა შვილად აყვანის მსურველსა და ბავშვს შორის და დადგინდა, რომ შვილად აყვანის მსურველი 49 წელზე მეტი არ უნდა იყოს, ეს სტანდარტი საერთაშორისო პრაქტიკაშია დანერგილი. მცირეწლოვანი ბავშვი არ უნდა აღმოჩნდეს ასაკოვანი მშობლის მომვლელი ნაადრევ ასაკში და სწორედ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ.
საგულისხმოა, რომ დღეისათვის 3000-ზე მეტ ადამიანს სურს ბავშვის აყვანა, გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა კი არის 200-250”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მისივე ინფორმაციით, ცენზი არ ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვსა და პოტენციურ მშობელს შორის არსებობს ნათესაური კავშირი, ან ბავშვი უკვე 10 წლისაა და მეტნაკლებად აცნობიერებს თავის მომავალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები