დიმიტრი პესკოვი ტელეკომპანია “Fox News”-ს ბოდიშის მოხდას სთხოვს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ტელეკომპანია “Fox News”-ის ჟურნალისტის განცხადებებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ მიუღებელს და შეურაცხმყოფელს უწოდებს .
ერთ-ერთი გადაცემის წამყვანმა ბილ ო’რეილიმ დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს, პუტინს მკვლელი უწოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს შეკითხვა დაუსვა თუ როგორია მისი დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. ტრამპმა უპასუხა, რომ ის პუტინს პატივს სცემს, ისევე, როგორც სხვა ადამიანებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ყველასთან კარგი ურთიერთობები აქვს. „მაგრამ ის ხომ მკვლელია?“ – ჰკითხა ტრამპს ო’რეილიმ. „მკვლელები ყველგან არსებობენ. ჩვენთანაც ბევრი მკვლელია. თქვენ რა, ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უცოდველია?“ – უპასუხა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკეთესია რუსეთთან მეგობრობა, ვიდრე პირიქით.
რაც შეეხება ტრამპის განცხადებებს რუსეთთან დაკავშირებით, ამაზე დიმიტრი პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა.