ავღანეთსა და პაკისტანში ზვავების ჩამოწოლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ზვავების ჩამოწოლის შედეგად, 100 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
ბუნებრივი კატასტროფების სამინისტროს წარმომადგენლის, მუჰამედ ომარ მუჰამადის ინფორმაციით, ნურისტანის პროვინციაში ზვავმა ორი სოფელი მთლიანად დაფარა.
სამაშველო სამუშაოების ჩატარება, დიდთოვლობის გამო, გართულებულია. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ თოვლის ქვეშ შეიძლება ცოცხალი ადამიანები იყვნენ ჩარჩენილნი.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტი ამჟამად არ ფუნქციონირებს. მისი ასაფრენი ბილიკი გაყინულია.
პაკისტანში კი ზვავს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ტრაგედია ქალაქ ჩიტრალში მოხდა. რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.