“ირანი ცეცხლს ეთამაშება” – ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო. კერძოდ სანქციები, შესაძლოა, ირანის 25 სხვადასხვა სტრუქტურას შეეხოს. ამასთან, ამ ინფორმაციის მიხედვით, სანქციები ბირთვულ შეთანხმებას არ შეეხება. ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ვაშინგტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევა უწოდა.“ირანი ცეცხლს ეთამაშება, ისინი სულაც არ აფასებენ, როგორი კეთილი იყო მათ მიმართ პრეზიდენტი ობამა. მე ასეთი არ ვიქნები”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში. თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანს აშშ-ის მხრიდან მუქარა არ აღელვებს. მან ასევე დაამატა, რომ „ირანი არავის წინააღმდეგ ომს არ აპირებს, ხოლო თავისი ტერიტორიის დაცვის საკითხში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს“.