უკრაინული მხარე პრორუს სეპარატისტებს ავდეევკის სკოლის და სტადიონის დაბომბვაში ადანაშაულებს

უკრაინელი სამხედროები პრორუს სეპარატისტებს დასახლება ავდეევკის სკოლის და სტადიონის დაბომბვაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ავდეევკა ქალაქ დონეცკის მახლობლად მდებარეობს. დონეცკს პრორუსი“ ბოევიკები“ აკონტროლებენ, ხოლო ავდეევკას – უკრაინის შეიარაღებული ძალები. სწორედ აქ მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ყველაზე სერიოზულია ბოლო თვეების განმავლობაში.
უკრაინული მხარის განცხადებით, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ასევე, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. თავის მხრივ, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ცეცხლის გახსნაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულეს. მათი ინფორმაციით, დონეცკის რამდენიმე რაიონის დაბომბვის შედეგად, ერთი მშვიდობიანი პირი დაიღუპა და 10 დაიჭრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ავდეევკა „ბოევიკებმა“ “გრადებიდან” დაბომბეს. პრორუსი “ბოევიკებიც” აცხადებენ, რომ უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა რეაქტიული არტილერია გამოიყენეს. ეუთო-ს დამკვირვებლებმა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან, დააფიქსირეს, რომ მძიმე შეიარაღება ორივე მხარემ გამოიყენა.
აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობის გამწვავებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. მან დაძაბულობის ესკალაციაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა. მისი თქმით, “კიევი ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, თითქოს ის რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა“.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში პრორუსი “ბოევიკები” დაადანაშაულა.
პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ესკალაცია მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა და აშშ-მა ამ საკითხში უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
16521886_10207890669776263_1873044062_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები