გია ვოლსკი: მოსამართლეებზე ზეწოლის საკითხი შეიძლება, განვიხილოთ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილად
“გამოძიებას საჭიროებს ეს საკითხი და მივმართავ ყველას, გამოიძიონ და არ დატოვონ რაიმე კითხვის ნიშანი აღნიშნულთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.
გია ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას საკითხზე შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდოს. ამასთან, ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიული გეგმის ნაწილად შეფასდეს.
„მნიშვნელოვანია, ყველა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიეწოდოს, მაგრამ საგანგებოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა იმოქმედონ, ვინაიდან, ეს საკითხი, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს, პირველ რიგში, ეხება ეროვნული უსაფრთხოების, ეროვნული სტაბილურობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ თუნდაც, საგამოძიებო სტრუქტურების მეშვეობით, თავი უნდა დაიცვას ასეთი შემოტევებისგან, მით უმეტეს, ჩვენ სააკაშვილის გეგმების თაობაზე ვიცით, რომ არ იყოს არანაირი პოლემიკა, ბჭობა, ჯანსაღი ოპონირება და იყოს მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმი, მათ შორის მოსამართლეებზე ზეწოლა შეიძლება, განვიხილოთ ამ სტრატეგიული გეგმის, როგორც ერთი ნაწილი. მოსამართლეს საერთოდ, იმუნიტეტი საკმაოდ მაღალი აქვს, მისი დაცულობა მაღალია და მასზე შეხება არის საკმაოდ სერიოზულად დასჯადი დანაშაული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს მთავარი პროკურატურა მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების – ბესიკ ალავიძის და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვა, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულმა მოსამართლეებმა, ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე, მობილურ ტელეფონებზე – უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები. გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.