ირაკლი მეძმარიაშვილი: სეოკ-ში იცოდნენ, რომ სასამართლოში წავიდოდი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიმღები დელეგატების შესახებ ინფორმაცია სეოკ-იდან გამოითხოვა, რაც ლერი ხაბელოვის გადაწყვეტილებით, ვერ მიიღო. პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მან სეოკ-ის კანცელარიაში ორი წერილი შეიტანა, სადაც ითხოვდა, მიეწოდებინათ დელეგატებად წარმოდგენის შესახებ წესდების საპროცედურო მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები.
„მონიტორინგის მიზნით, 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მივმართე თხოვნით, მოეწოდებინათ დელეგატებად წარმოდგენის შესახებ წესდების საპროცედურო მოთხოვნათა დაცვით წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები. 9 იანვარს მოვიკითხე და კანცელარიაში გვითხრეს, რომ ბატონი ლერის გადაწყვეტილებით დოკუმენტს ვერ მოგვცემდნენ. 17 იანვარს კვლავ მაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია 2 დღის ვადაში წარმოედგინათ. წერილში მივუთითეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებოდით გაგვეტარებინა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. ეს წერილიც დარეგისტრირდა ოლიმპიურ კომიტეტში. თუ ისინი ერთმანეთს არ ესაუბრებიან და კანონით გათვალისწინებული ზომები არ იციან, ეს მათი პრობლემაა. მათ იცოდნენ რა საბუთებს ვითხოვდი და ისიც იცოდნენ, რომ სასამართლოში წავიდოდი. ამის შემდგომ მივიღე საჯარო რეესტრიდან წერილი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი გახდა“,- განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სეოკ-ის 2016 წლის 23 დეკემბრის სესიამ გამოკვეთა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აშკარად თაღლითური მეთოდით იყო მმართველობის შენარჩუნებისთვის ორგანიზებული სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მზადების მარათონი. საეჭვო გახდა სეოკ-ის ვებგვერდზე დალეგატთა გვარ–სახელების–მათი წარმომავლობის გარეშე გამოქვეყნების განზრახულობაც.
სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის“,- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები