პარლამენტი დილემის წინაშე – რა ელის ქვეყნის უსაფრთხოებას?

31 მარტამდე საქართველოს პარლამენტმა მოსმენებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი უნდა მოამზადოს. 32-კაციანმა სამუშაო ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს, სად და რა ფორმით დარჩება ე.წ. მოსმენების გასაღები.
„პრაიმტაიმი“ შეეცადა, გაერკვია, რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს კანონმდებლობა? დაასუსტებს თუ არა სამოქალაქო სექტორის მოთხოვნა ქვეყნის უსაფრთხოებას და მსოფლიოში მომძლავრებული ტერორიზმის ფონზე ხომ არ მოუწევს საქართველოს დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობა? ამ საკითხზე მუშაობის პროცესში ჩვენ დასავლეთის ქვეყნების მაგალითებსაც გადავხედეთ და აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში თითქმის ყველა განვითარებული ქვეყანა არათუ ზღუდავს უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციებს, არამედ პირიქით – საკანონმდებლო დონზე აძლიერებს და აფართოებს მათი მუშაობის არეალს. კონკრეტულ მაგალითებს ოდნავ ქვემოთ გაგაცნობთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელმაც ფარული მოსმენების შესახებ დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო და პარლამენტს ახალი კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა 2017 წლის პირველ აპრილამდე განუსაზღვრა.
საკონსტიტუციო სარჩელი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოამზადა. ისინი აქცენტს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებზე აკეთებენ და მოითხოვენ, რომ უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდეს პირდაპირი წვდომა ფარულ სატელეფონო მოსმენებზე.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, რომელიც მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე გასცემს კონკრეტული პირების მოსმენის ნებართვას.
„ჩვენი აზრით, ასეთი სამსახურის შექმნა გაცილებით ნაკლებ რისკს შეიცავს „გასაღების“ ბოროტად გამოყენებისთვის, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის ან თუნდაც აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე უწყების ხელში ამ გასაღების ყოფნა“, – ამბობს საია-ს ხელმძღვანელი.
უსაფრთხოების ექსპერტების აზრით კი, სუს-დან გასაღების გატანა და მისი გადაცემა დამოუკიდებელი სააგენტოსთვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. საზოგადოების ეს ნაწილი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებელი სააგენტო ვერც ადამიანის უფლებების გარანტიებს შექმნის, თუ რატომ, ამაზე დაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილ მრჩეველს (2012-2016 წწ), უსაფრთხოების ექსპერტს ამირან სალუქვაძეს ვესაუბრეთ, რომელიც საუკეთესო გამოსავალს სპეცსამსახურების იმიჯის ამაღლებასა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაში ხედავს, რაც, მისივე თქმით, მაქსიმალურად შეამცირებს უკანონო მოსმენების რისკს. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ამ ეტაპზე მოქმედებს კონტროლის რამდენიმე მექანიზმი, კერძოდ: სახალხო დამცველი, რომელსაც ნებისმიერ დროს აქვს შეუზღუდავი დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც ფლობს ე.წ. მოსმენების მეორე გასაღებს და სასამართლო, რომელიც სპეციალური განჩინებით აკანონებს ფარულ მოსმენებს. დამატებით რა მექანიზმების დანერგვაა შესაძლებელი, ამის შესახებ ამირან სალუქვაძე გვესაუბრა.

– ბატონო ამირან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს ცვლილებების პროექტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით… კონკრეტულად როგორ შეიძლება შეიცვალოს კანონმდებლობა ისე, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, არ დაზარალდეს ქვეყნის უსაფრთხოება? სად ხედავთ ოქროს შუალედს?
– პირველ რიგში, ის მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო ჯგუფში საექსპერტო საზოგადოებიდან ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ის პირები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. კარგი იქნებოდა, ამ ჯგუფშიც მოეწვიათ დარგის სპეციალისტები. დეპუტატთა რიგებში არიან ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსნები, მე გარედან ჩართულობაზე ვსაუბრობ. რა უნდა გაკეთდეს? მკაცრად და მკაფიოდ უნდა გაიწეროს პროცედურები და კანონი არ უნდა ტოვებდეს შავ ხვრელებს. კანონის დარღვევა ამ საკითხში უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს.
– არასამთავრობო სექტორი მოითხოვს, შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც მოსმენებს განახორცილებს, ანუ ე.წ. გასაღები მთლიანად ჩამოერთვას სუს-ს… მაგალითად, თუ ეს გასაღები აღარ იქნება სუს-ში, კონკრეტულად რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?
– საშიში ის კი არ არის, რომ ამით სუს-ს განვაიარაღებთ, ეს მიდგომა ნიშნავს, რომ არ ვენდობით სპეცსამსახურს, რითაც მის დისკრედიტაციას ვახდენთ. ეს კი სულაც არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ მოსახლეობის დაცულობას გავზრდით. არც იმას ნიშნავს, რომ ახლად შექმნილი სააგენტო, რომელიც გაურკვეველია, რა კონტინგენტით დაკომპლექტდება, უფრო საიმედო იქნება და არ იქცევა მონსტრად. თან გაუგებარია მიდგომა. ერთია, როცა პირის შესახებ პირადი ინფორმაცია, თუნდაც ის, რომ მისი პერსონით ინტერესდება სპეცსამსახური და მას უსმენენ, იცის ძალოვანი სტრუქტურის ოფიცერმა, პროკურორმა, მოსამართლემ და მეორეა – როცა ასეთი ინფორმაციები ეცოდინებათ გაურკვეველი წარმომავლობის პირებით დაკომპლექტებული სააგენტოს თანამშრომლებს. ამაში საფრთხეს ვერ ხედავთ?
სპეცსამსახურის ოფიცრები ჯერ სათანადო შემოწმებას გადიან, შემდეგ მომზადებას და მუდმივ კონტროლზე არიან შიდა უსაფრთხოების სტრუქტურების მხრიდან. შემოთავაზებული სააგენტოს თანამშრომლები?
რა გარანტია გვაქვს, რომ ახალი სააგენტოს „გასაღების გადამტრიალებელი“ კეთილსინდისიერი იქნება? მის გადასამოწმებლად ახალი სტრუქტურა შევქმნათ?
აღარაფერს ვამბობ ზედმეტ საბიუჯეტო დანახარჯებზე: ოფისი, მაღალი გამავლობის ტრანსპორტი, მაღალი ხელფასები, რადგან ცდუნებებს უნდა გაუძლონ და ა.შ.
ამის ნაცვლად აჯობებს, სპეცსამსახურების პრესტიჟის და ნდობის ამაღლებაზე ვიზრუნოთ. ჯარი და სპეცსამსახურებია სახელმწიფოს ხერხემალი და არა მესამე სექტორი, რომელსაც ამჟამად მეც წარმოვადგენ. იქნებ რომელიმე სახელმწიფო დამისახელოს ვინმემ, სადაც საკუთარ სპეცსამსახურს არ ენდობიან და მისი გარკვეული ფუნქციების ჩანაცვლებას ახალი, სრულიად უფუნქციო სტრუქტურით ცდილობენ?რატომღაც ამ იდეების, ვგულისხმობ დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, ავტორებს ხმა არ ამოუღიათ, რისთვის შეიძინა თავის დროზე თავდაცვის სამინისტრომ მოსასმენი აპარატურა, ან სად იმყოფება ახლა. ეს ინფორმაცია ჩემი მოგონილი არაა. არავინ დაინტერესებულა, ვინ იყიდა ეს აპარატურა, რა თანხებით, რა მიზნებისთვის, ამ აპარატურით რა მოცულობის ინფორმაციები და ვის შესახებ იქნა მოპოვებული, ვინ მუშაობდა კონკრეტულად ამ აპარატურასთან და ა.შ.
ყველა სტრუქტურამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. არ უნდა მოხდეს ფუნქციების აღრევა. ამ კუთხით ბევრი პრობლემა იყო. მოკლედ ინსტიტუციონალური დახვეწისკენ უნდა ვიმუშაოთ და არა ახალი ინსტიტუტების შექმნაზე.
– დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის შემთხვევაში, რამდენად იქნება დაცული საიდუმლო ინფორმაცია? როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ იქნება პასუხისმგებელი, რომ ამ ინფორმაციამ არ გაჟონოს?
– ზუსტად მაგას ვგულისხმობდი, როცა სააგენტოს დაკომპლექტებაზე ვისაუბრე. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მოხდება ამ სააგენტოს დაკომპლექტება? ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად ხშირი იქნება ამ სააგენტოში კადრების ცვლა, რაც ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეს გაზრდის. ამ სააგენტოს პერსონალს შეხება ექნება საიდუმლო რეჟიმთან, საიდუმლო ინფორმაციებთან. არსებული კანონმდებლობით და პრაქტიკით დაშვებას საიდუმლო საქმიანობაზე ანიჭებს სუს-ი. შესაბამისად, სუს-ი მოახდენს ამ პიროვნების შემოწმებას იმისთვის, რომ ნებართვა გასცეს საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებაზე. ამ პროცედურას გავექცევით? ალბათ, ვერა. თუ ახალი სააგენტოს პერსონალი სუს-მა უნდა შეამოწმოს, სუს-ს კი ჩვენ არ ვენდობით, არ ვანდობთ ე.წ. გასაღებს, მაშინ აბსურდთან გვაქვს საქმე. სუს-ის მაკონტროლებელი სააგენტოს პერსონალზე საიდუმლო დაშვება სუს-მა უნდა გასცეს. თუ ამ სააგენტოს საიდუმლო დაშვება არ დასჭირდება? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ეს ინიციატივა განსახილველიც არაა.
– ნდობის ამაღლება და კონტროლის მექანიზმების დახვეწა – ფიქრობთ, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი?
– რა თქმა უნდა. ყველა სხვა გზა დამანგრეველია სახელმწიფოსთვის. როგორ წარმოგიდგენიათ წარმატებული სახელმწიფო, თუ ის არ ენდობა საკუთარ არმიას, საკუთარ სპეცსამსახურს. ქვეყნის პირველ პირებს დაცვა დაჰყვებათ, რომლებიც უამრავ პირად ინფორმაციას აფიქსირებენ. არ უნდა ვენდოთ ამ ხალხს? აბსურდია ხომ? უნდა ვიმუშაოთ არმიისა და სპეცსამსახურების დეპოლიტიზაციის მიმართულებით და არა უნდობლობის დათესვისკენ.
ერთ შემთხვევას ძალიან მოკლედ გავიხსენებ. 2003 წელს ვაშინგტონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გამოსვლისას, დარბაზის შესასვლელში მეტალის დეტექტორი იყო დამონტაჟებული. ჩავდექი რიგში. ჩემთან მოვიდა ამერიკელი ვიცე-პოლკოვნიკი, ბოდიშის მოხდით გამიყვანა რიგიდან და დეტექტორის გვერდის ავლით შემაცილა დარბაზამდე: გენერლებს ეს არ ეხებათო. იმ წამებში გამახსენდა, როგორ მამოწმებდნენ ჩვენთან კანცელარიაში შესვლისას ყველა პრეზიდენტის დროს.
– თქვენ გაქვთ ამ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება… საინტერესოა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა იყოს ხალხის სამსახურში? რა არის საჭირო იმისთვის, რომ სპეცსამსახურების ხელთ არსებული ბერკეტები ბოროტად არ იქნეს გამოყენებული? ამას გეკითხებით თუნდაც წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც უშიშროების სტრუქტურები ასეულობით ადამიანის პირადი ცხვრების ამსახველი კადრების შექმნით იყვნენ დაკავებულნი?
– ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. თვითონ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ მოწოდებულნი, რომ სპეცსამსახურებს, არმიას პოლიტიკური დაკვეთები არ მისცენ. სპეცსამსახურის თანამშრომელს ხომ მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები საკუთარი მიზნებისთვის არს ჭირდება? თუმცა, ასეთი მასალები გადმობირების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია. აი, აქ არის მთავარი პროცედურების მკაცრად, მკაფიოდ (ვიმეორებ, შავი ხვრელების გარეშე) გაწერა.
და კიდევ ერთს დავამატებ, რაც აუცილებლად იქნება შემოსაღები: უნდა გაათმაგდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვებაზე და მის გავრცელებაზე. გავრცელებაში უნდა იგულისხმებოდეს მინიშნებაც კი. მაგალითად, ასეთი ფრაზით ინფორმაციის გავრცელება: „იქს პიროვნებაზე სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა“. დარწმუნებული ვარ, ეს არავის მოეწონება. მათ შორის იმათაც, ვინც სააგენტოს შექმნას ითხოვს. იტყვიან, რომ ეს სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. მასე მორალიც თავისუფალი განზომილებაა, თუმცა ყველა საზოგადოება რაღაც ნორმებს აწესებს. ჰოდა, თუ მაღალი ნორმები გვაინტერესებს, რის გამოც ვიბრძვით ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვაზე, მაშინ მინიშნებაც კი აკრძალული უნდა იყოს. რა მნიშვნელობა აქვს, ვიდეოს ნახავ თუ სიტყვით მოყვები?
მოკლედ რომ შევაჯამოთ: მკაფიო პროცედურები და უმკაცრესი პასუხისმგებლობა. ამ სიტუაციაში ყველა, მომპოვებელიც და გამავრცელებელიც. ასჯერ დაფიქრდება. დაფიქრდება დამკვეთიც, თუ ეს პასუხისმგებლობა მასზეც გავრცელდება.
ახლა კი, რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას: როგორც უკვე გითხარით, „პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში ამ მხრივ არსებულ რეალობას. აღმოჩნდა, რომ ისეთ ფარულ ოპერატიულ ღონისძიებას, როგორიცაა სატელეფონო მოსმენა, არც ერთ ასეთ ქვეყანაში დამოუკიდებელი სტრუქტურა არ ახორციელებს. მოსმენების ეს გასაღები თითქმის ყველგან საგამოძიებო უწყებების ხელშია, რომელთა უფლებამოსილება ბოლო ხანს მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ასე, მაგალითად:

დიდი ბრიტანეთი
2016 წლის 29 ნოემბერს დედოფალმა ხელი მოაწერა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონს ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით. 300-გვერდიანი ნორმატიული აქტი ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურების პროვაიდერ კომპანიებს ავალდებულებს, მომხმარებელთა ე.წ. ვებისტორიები (ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ ინტერნეტმისამართებს ეწვია მომხმარებელი) 12 თვის ვადით შეინახონ და მათზე პოლიციის, უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებათა ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ. კანონი ითვალისწინებს საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობას, ტექნიკური აღჭურვილობის (პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი) ხელში ჩაგდების, ან შესაბამის სერვერზე შეღწევის საშუალებით, მოიპოვონ ყველა სახის საჭირო ინფორმაცია ფარულად. ნორმატიული აქტის ერთ-ერთი ნორმა ითვალისწინებს მონაცემების მასშტაბურ შეგროვებას. აღნიშნული გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას მრავალი მომხმარებლის, მათ შორის, ისეთების შესახებ, რომელთაც კავშირი არ აქვთ იმ კონკრეტულ დანაშაულთან, რომლის გამოძიების მიზნითაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო ღონისძიება. დიდ ბრიტანეთში, სპეცსამსახურები GCHQ და MI5 სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო მდივნის ნებართვის საფუძველზე ახორციელებენ ოპერატიულ ღონისძიებებს. მათ შორისაა ისეთი მეთოდები, როგორიცაა, ფარული სატელეფონო მოსმენა და პირადი კორესპონდენციის თვალყურის დევნება, ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა კერძო საკუთრებაში შეღწევის გზით“.

აშშ

ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) თავდაცვის დეპარტამენტს ექვემდებარება. უწყება ამავდროულად შედის აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სისტემაში და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ბრძანებებსაც ასრულებს. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ფარულ მიყურადებას თავად ახორციელებს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ხელმძღვანელი იმავდროულად არის ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც და ასევე, აშშ-ის კიბერსარდლობის მეთაურიც. როგორც სააგენტოსა და ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, იგი, ერთი მხრივ, დაზვერვის საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილის მეშვეობით, ხოლო მეორეს მხრივ, როგორც კიბერსარდლობის მეთაური, აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის მეთაურის მეშვეობით ანგარიშვალდებულია თავდაცვის მდივნის წინაშე. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) უწყების საქმიანობისა და სტრუქტურის დიდი ნაწილი საჯარო არ არის.
გერმანია

გერმანიაში კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური პრევენციული მიზნებისთვის ახორციელებს ფარულ მიყურადებას. დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მსგავს სერვისს სთავაზობს საგამოძიებო ან უსაფრთხოების სამსახურებს, ფედერაციაში არ არსებობს.
გერმანიაში 2016 წელს მიღებული ცვლილებების თანახმად, კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურს საფრთხის შემქმნელი იმ ახალგაზრდა პირების მონაცემების შეგროვების უფლებამოსილება მიენიჭა, რომელთაც უკვე მიაღწიეს 14 წლის და არა 16 წლის ასაკს, როგორც ეს აქამდე მოქმედებდა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვნად იზრდება მცირეწლოვანი პირების რადიკალიზაციის შემთხვევები. ამ ცვლილებებით დასაშვები გახდა ინფორმაციის მიღება ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის შემდგარი სატელეფონო, ან ინტერნეტკომუნიკაციის შესახებ, ისევე როგორც ადვოკატსა და მის კლიენტს შორის შემდგარი კომუნიკაცია შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.

საფრანგეთი

საფრანგეთმა მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც მომეტებული საფრთხის გამო, უშიშროების სტრუქტურების გარდა, ფარული მიყურადების განხორციელების შესაძლებლობა მიენიჭებათ პროკურორებსაც. ცვლილებების მიხედვით, დასაშვები ხდება პროკურორების მიერ მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობისა და იდენტიფიკაციის დამდგენი მოწყობილობების გამოყენება; გარდა ამისა, ციხეებში დამონტაჟდება მოსასმენი აპარატები.
დანია

დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური (PET) აღჭურვილია სპეციალური საგამოძიებო ფუნქციებით, როგორებიცაა სატელეფონო საუბრების მოძიება, მოპოვება და გადაჭერა. დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ფარულ მიყურადებაზე არც დანიაში მოქმედებს. დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახური, ექვემდებარება პოლიციას და, ამავდროულად ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
ავსტრია

კანონმდებლობა გამკაცრდა ავსტრიაშიც, სადაც მიმოწერის, დაკავშირებისა და ადგილმდებარეობის მონაცემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია სირიიდან უკან დაბრუნებულ ჯიჰადისტებთან საბრძოლველად. აღნიშნული ღონისძიება იძლევა შესაძლებლობას, დადგინდეს ქვეყანაში არსებული საფრთხის პოტენციალი, რეკრუტირების განმახორციელებელი პირების, მათი მხარდამჭერებისა და თანამზრახველების ვინაობა, ასევე, გამოვლინდნენ პოტენციური ჯიჰადისტები. ავსტრიის კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახური (BVT) ახორციელებს ფარული ზედამხედველობის ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ თავად სამსახური ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის.
ისრაელი

დაბოლოს… ისრაელის პარლამენტმა (ქნესეთმა) ექვსწლიანი განხილვების შემდეგ მხარი დაუჭრა იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ანტიტერორისტულ კანონპროექტს. ახალი კანონის მიხედვით, კანონპროექტით, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურს (Shin Bet) ტერორისტულ აქტივობაში ეჭვმიტანილი პირების კომპიუტერული სისტემების ფარული ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება (პრემიერ-მინისტრის თანხმობით). საქველმოქმედო ჯგუფები, რომლებიც არაპირდაპირ, მაგრამ არსებითად ხელს უწყობენ ტერორისტულ დაჯგუფებებს, შესაძლებელია, კანონგარეშედ გამოცხადდნენ და მათი ცალკეული წევრების მიმართ სასჯელის სახით პატიმრობა იქნას გამოყენებული. კრიტიკოსები კანონპროექტში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებს ხედავენ, თუმცა, ისრაელის მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას მხოლოდ ამ სახის კანონით ექნება ტერორიზმის თანამედროვე გამოწვევებთან რეალური ბრძოლის შესაძლებლობა.

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები