რატომ დაენიშნა დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს პერსონალური დაცვა დაენიშნა. ბაქრაძისთვის პერსონალური დაცვის დანიშვნის შესახებ მთავრობამ №2747 განკარგულება გამოსცა, რომელიც გასული წლის 30 დეკემბრითაა დათარიღებული.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრს, დავით ბაქრაძეს დაენიშნოს პერსონალური დაცვა 2017 წლის პირველ დეკემბრამდე; პერსონალური დაცვის ღონისძიებები უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა; ამ განკარგულების მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 18 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე”, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.
დავით ბაქრაძის თანაგუნდელი გიორგი ღვინიაშვილი განმარტავს, რომ გივი თარგამაძეზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, არსებობდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, შემდეგი სამიზნე დავით ბაქრაძე ყოფილიყო. როგორც ღვინიაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე ბაქრაძეს დაცვა დაენიშნა.
„ჩვენს მეგობარ-პარტნიორ ქვეყნებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შემდეგი სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო დავით ბაქრაძე. ზოგადად ქვეყანაში რისკების განსაზღვრას და დასაცავ პირთა ჩამონათვალს ადგენს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დათო ბაქრაძეს ნაწილობრივ დარჩენოდა დაცვა. რაც შეეხება თვითონ დავით ბაქრაძეს, მას თხოვნით არ მიუმართავს ხელისუფლებისთვის, რომ მას დაცვა შენარჩუნებოდა“, -განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები