“საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს ქვეყანას, რომელსაც ჩვენთან სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული”

საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინაში დაკავებული ქართველი ოფიცრის გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავარი პროკურორი მუდმივ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან.
“ბატონი ცერცვაძის საქმეზე გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე. აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა, ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე, აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები