ვიქტორ დოლიძე: სამწუხაროა, რომ ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს სამწუხაროდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
”მე არ ვიცი, რა კრიტერიუმების გამო მოხდა ეს და რაზეც არ მაქვს ინფორმაცია, ბუნებრივია კომენტარს ვერ გავაკეთებ. დანარჩენს მომავალი გვანახვებს”, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს დააზიანებს.
”საქართველოს ავტორიტეტი არის ერთ-ერთი სერიოზული, თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ავტორიტეტი. მე რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. საქართველო არის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში და ამაზე მეტყველებს ნებისმიერი კვლევა და როდესაც საქართველოს ავტორიტეტზე არის საუბარი, მე ვფიქრობ, რომ მას ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ, მათ შორის ჟურნალისტები”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.