რა იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში – უწყების წარმომადგენელი დეტალურად საუბრობს ​

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია. იმ ცვლილებებზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელდება, „პრაიმტაიმს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესაუბრა: „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპის მიზანი ძირითადად ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იყო. ჩამოყალიბდა ე.წ. მიწოდებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ჩვენი რეფორმების მეორე ეტაპის ძირითადი მიზანია, რომ მიწოდებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა საჭიროებაზე ორიენტირებული სისტემით ჩანაცვლდეს. ძირითადი მიზანია, პაციენტებისთვის უსაფრთხო და მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ჩვენ კლინიკებთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობთ.
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მონიტორინგს აწარმოებს. სწორედ ამ შეფასების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და კლინიკებს მიეცათ რეკომენდაციები. მაგალითად, ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, ინფექციების კონტროლია. კლინიკებს მონიტორინგის საფუძველზე მიეცათ რეკომენდაციები. დეკემბერში განხორციელდა განმეორებითი მონიტორინგი. ბევრმა კლინიკამ დააკმაყოფილა ძირითადი მოთხოვნები. არის კლინიკები, რომლებმაც ვერ შეძლეს ან არ შეძლეს სტანდარტების დაკმაყოფილება. ჩვენ მათ ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი დრო მივეცით. სწორედ ამიტომ ამ კლინიკების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თებერვლის ბოლოს ან პირველი მარტიდან ამ კლინიკების დაკონტრაქტების პირველი რაუნდი განხორციელდება. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომელი კლინიკა გახდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე და რომელი კლინიკა გამოეთიშა.
ეს იქნება ირიბი მინიშნება, რომ კლინიკებმა, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერების სიაში ვერ მოხვდნენ, სახელმწიფოს მიერ წამოყენებული სტანდარტები ვერ დააკმაყოფილეს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მინისტრმა გამოკვეთა არის ინფექციების პრევენცია და კონტროლი, მეორეა სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. ალბათ, უკვე გსმენიათ, რომ დღესდღეობით არის კლინიკები, რომლებიც მომხმარებელს ფრაგმენტულ სერვისებს აწვდიან. მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკული განყოფილება აქვთ და არ აქვთ შესაბამისი კლინიკური განყოფილებები. აწარმოებენ მხოლოდ რეანიმაციულ – კრიტიკულ სერვისებს და ვერ უზრუნველყოფენ პაციენტის უსაფრთხოებისთვის მინიმალური სერვისების მიწოდებას.
რა თქმა უნდა, ასეთი კლინიკები გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ასეთი კლინიკები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, ათია. ყველა კლინიკას აქვს სანებართვო პირობა, ანუ შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაიცემა. ასეთი კლინიკები დამატებით კიდევ შემოწმდება, რამდენად ახორციელებენ სანებართვო პირობებს. თუ რამე დარღვევა აღმოაჩინეს, ისინი არა მარტო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშებიან, არამედ სანებართვო პირობების მიხედვით, ასეთმა დაწესებულებამ სამედიცინო საქმიანობა არ უნდა განახორციელოს. ამის კონტროლს, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება განახორციელებს. დაწესებულება, რომელიც სერვისების უწყვეტობას ვერ უზრუნველყოფს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება. მეორე არის რაოდენობრივი მაჩვენებელი. კლინიკას დატვირთვასთან მიმართებით გარკვეული რაოდენობრივი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს. ასეთი სტანდარტებიც ჩამოყალიბების პროცესშია. მაგალითად, სამეანო და ნეონატალურ სერვისებთან მიმართებით ასეთი რაოდენობრივი მაჩვენებელი უკვე ჩამოყალიბებულია. დიდ ქალაქებში, სამშობიარო, რომელსაც აქვს 500 მშობიარობაზე ნაკლები წელიწადში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ვერ იქნება.
სელექციური კონტრაქტირება დიდ ქალაქებში განხორციელდება. ეს არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და თელავი. მოგეხსენებათ, ხარისხობრივი მაჩვენებელი დაკავშირებულია რაოდენობრივ დატვირთვასთან. ერთ-ერთი კრიტერიუმი სამედიცინო დაწესებულების დატვირთვა იქნება. ასევე, იქნება ხარისხის მაჩვენებლები ანუ ინდიკატორები, რომლებიც შემუშავებულია. ძირითადად, ცვლილებები, როგორც გითხარით, კლინიკების დაკონტრაქტების მიმართულებითაა. მთავარი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე. მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება დაკავშირებულია ხარჯეფექტურობასთან. გართულებებისა და განმეორებითი ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა იკლებს, როდესაც ხდება მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება“,-განაცხადა ნინო ბერძულმა. მან ასევე კერძო და სახელმწიფო დაზღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნაზეც ისაუბრა.
„2013 წლიდან, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამუშავდა, პროგრამის დიზაინში იყო ჩადებული მომენტი, რომ ადამიანები, რომლებსაც კერძო დაზღვევა ჰქონდათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები ვერ იქნებოდნენ. ხდება ბაზების გადამოწმება, ვინ არის კერძო დაზღვევის პაკეტის მფლობელი და ვინ არ არის. მიმდინარეობს ამ ბაზების გადამოწმების დასრულება და ამის საფუძველზე გაიმიჯნება. კერძო დაზღვევის მფლობელები ისარგებლებენ ისე, როგორც სარგებლობენ და დანარჩენი იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლე. წლის განმავლობაში, რეფორმა ეტაპობრივად ამუშავდება. პირველი იქნება კლინიკების შერჩევა და წლის განმავლობაში ყველა ის პრინციპი შევა ძალაში, რაზეც ვისაუბრეთ“,-აღნიშნა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნინო ბერძულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები