მოლდავეთის პრეზიდენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაუქმებას არ გამორიცხავს

მოლდავეთმა, შესაძლოა, ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება გააუქმოს და ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის „საგზაო რუკა“ მიიღოს. ამის შესახებ მოლდავეთის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა.
დოდონმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან  ჩარჩო მემორანდუმს გააფორმებს, რომელიც სხვა შეთანხმებებს არ ეწინააღმდეგება.  ამჟამად ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფილი საბჭოთა კავშირის 5 რესპუბლიკა – რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი შედიან.
მოლდავეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმება მოლდავეთს არანაირი პლუსი არ მისცა, ხოლო ქვეყანამ რუსეთის ბაზარი დაკარგა და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობაც შემცირდა.
იგორ დოდონმა მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გასული წლის შემოდგომაზე გაიმარჯვა. დოდონმა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაუქმების და ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე რეფერენდუმის ჩატარების პირობა დადო.
დოდონმა ასევ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მოლდავეთს სჭირდება „ისეთივე ლიდერი, როგორიცაა ვლადიმერ პუტინი, ხოლო ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები