ლავროვი – აშშ-ის დაზვერვა ჩვენი დიპლომატების გადაბირებას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ბოლო დროს აქტიურად ცდილობენ რუსი დიპლომატების გადაბირებას.
„თუ „დავერბოვკებაზეა“ საუბარი, ჩვენ ამ საკითხზე სტატისტიკას არ ვაქვეყნებდით, მაგრამ ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბარაკ ობამას მეორე ვადის პერიოდში, ჩვენი დიპლომატების მიმართ ასეთმა აქტივობამ იმატა” – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლავროვის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს აშშ-ში რუსი დიპლომატის „დავერბოვკებას“ ცდილობდნენ, რომელიც იქ რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევგენი პრიმაკოვისთვის წამლის საყიდლად ჩავიდა.
„ეს დიპლომატი ექიმთან მივიდა წამლის წამოსაღებად. ამ დროს გენერალური საკონსულოს თანამშრომლის გადაბირების მცდელობა არის ცინიზმის და არაკეთილსინდისიერების მაგალითი“, – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე დაამატა, რომ გასული წლის სექტემბერში ამერიკული დაზვერვა საელჩოს მეორე პირის “დავერბოვკებას” შეეცადა, ხოლო  კიდევ ერთ დიპლომატს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა   მანქანაში 10 ათასი დოლარი ჩაუდეს და „თანამშრომლობა შესთავაზეს“. ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს ფული დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა და ის „რუსეთის კეთილდღეობას მოხმარდა“.
ლავროვმა ასევე უსაფუძვლო უწოდა მოსკოვში ამერიკელი დიპლომატების შევიწროების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან არა ამერიკელი დიპლომატები, არამედ მათ თანამდებობებს ამოფარებული სპეცსამსახურების თანამშრომლები გააძევეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები