სტამბოლში ახალი წლის ღამეს ტერორისტულ თავდასხმაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

მამაკაცმა, რომელმაც სტამბოლის ერთ-ერთ კლუბში ახალი წლის ღამეს თავდასხმა მოაწყო,  უზბეკეთის მოქალაქეა და მან ავღანეთში სპეციალური მომზადება გაიარა. ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა, ვასილ შახინმა განაცხადა. დაკავებულმა დანაშული აღიარა.
სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, აბდულკადირ მაშარიპოვის თითის ანაბეჭდები შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ანაბეჭდებს ემთხვევა.
გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ მაშარიპოვი თურქეთში 2016 წლის იანვარში არალეგალურად ჩავიდა. მასთან ერთად ერაყის ერთი მოქალაქე და სამი ქალი დააკავეს. საერთო ჯამში, კლუბ “Reina”-ზე მომხდარი თავდასხმისთვის თურქეთის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა.
თურქულ მედიაში ასევე გავრცელდა მამაკაცის ფოტო, რომელსაც მაისური აცვია და სახეზე სისხლის კვალი და სილურჯეები აღენიშნება.
თავდასხმა სტამბოლის კლუბ “Reina”-ზე ახალი წლის ღამეს მოხდა. კლუბში ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 39 ადამიანი და ათობით დაიჭრა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები