დათუნიკა სხირტლაძეს დაკრძალვამდე ქალ-ვაჟი შეეძინა, გოგონა მაშინვე გარდაიცვალა

ცნობილი ფოლკორისტს, რომელიც 30 დეკემბერს სცენაზე მოულოდნელად გარდაიცვალა, დაკრძალვის დღეს ტყუპი – ქალ-ვაჟი შეეძინა. თუმცა, გოგონა მალევე გარდაიცვალა, ვაჟს კი მამის სახელი დათუნა – თევდორე დაარქვეს.
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს დათუნიკა სხირტლაძის მეგობრების ინტერვიუებს სთავაზობს.
ანსამბლების „შინის“ და “ეგარის” სოლისტის დათუნიკა სხირტლაძის შესახებ ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე საუბრობს და დათუნიკა სხირტლაძისეულ „ტაში ბიჭო გიორგუნას“ შექმნის ისტორიას იხსენებს.
„ რაჭული ცეკვა დავდგი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც აკლდა. დათოს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ გაგონილი მქონდა და ბიჭებს ვუთხარი, ის კაცი მომიყვანეთ, საოცრად რომ ცეკვავს -მეთქი. მართლაც მოკრძალებული ადამიანი აღმოჩნდა. ვუთხარი – რაჭულ ცეკვას გიჩვენებ და თუ საჭირო იქნება, მთლიანად დავშლი და თავიდან დავდგამ-მეთქი. თან ვთხოვე, მისეული მოძრაობები ეჩვენებინა და გავოცდი: ეს იყო საოცრება! მაშინ ვთხოვე- პრემიერის დროს გამოსულიყო და ჩვენთან ერთად ეცეკვა. მოკლედ, დათუნიკა ფილარმონიის დიდ დარბაზში გამოვიდა და „რაჭულს“ ისეთი წარმატება ერგო, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა! დღეს, ამ ცეკვას, ყველგან ნახავთ: სცენაზე, ლხინში, ქორწილში – სრულიად საქართველომ აიტაცა და ესაა ამ ადამიანის გამარჯვება! გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ძალზე განათლებული ადამიანი იყო. პოეზია ზედმიწევნით იცოდა: არ არსებობდა ლექსი, ზეპირად რომ არ სცოდნოდა. შექსპირის სონეტებს კითხულობდა“ – ამბობს ფრიდონ სულაბერიძე.
მისივე თქმით, ქართული ხელოვნების ოჯახს უნიკალური ადამიანი 58 წლის ასაკში გამოაკლდა. „სხვათაშორის, ქვეყანას დათოს ტყუპი ქალ-ვაჟი უნდა მოვლენოდა, მაგრამ პატარა გოგონა დაბადებისას ვერ გადარჩა, სამაგიეროდ, ვაჟკაცი დაიბადა და ისაა დღეს სხირტლაძეების ოჯახის იმედი.“ – ამბობს ფრიდონ სულაბერიძე.
ამავე სტატიაში პოეტი ერეკლე საღლიანი ამბობს, რომ დათუნიკა სხირტლაძის დაკრძალვაზე მოზარე სვანები ჩამოიყვანეს და სვანური ზარით დაკრძალეს.
„მარნეულის რაიონიდან თამაზ ნავერიანმა, ხოლო ლენტეხიდან ჟურდან ჯამბურიძემ ზარის მთქმელი ე.წ. მოზარე სვანები ჩამოიყვანეს, რომლებმაც ღირსეული ადამიანი კაცურად დაიტირეს. გამოსვენებისას კი ხალხმა ტაშით გამოაცილა“ – ამბობს ერეკლე საღლიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები