ირაკლი ღარიბაშვილი „AGILITY LOGISTICS“ -ის თავმჯდომარეს შეხვდა

   დავოსში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კუვეიტური უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანიის „AGILITY LOGISTICS“ -ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ტარეკ სულთან ალ ესსას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ტარეკ სულთან ალ ესსას საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. “შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა შესაძლებლობას იძლევა ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შემოდინებით ახლო მომავალში სარგებლობისა; ინვესტორებისთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ სატრანზიტო ტვირთის დაახლოებით 71% გადის საქართველოზე. საქართველო წარმოადგენს „TRASECA“-ს დერეფნის ნაწილის უმოკლეს მარშრუტს შავ ზღვასა და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის; უზრუნველყოფს დასავლეთის მიმართულებით ნავთობის სტრატეგიული ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას რკინიგზითა და მილსადენებით შავი ზღვისა და თურქეთის პორტებში; საქართველოს გააჩნია სხვადასხვა სახის – მარცვლეულისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, მადნეულის, სამშენებლო და სხვა მშრალი ტვირთის ნაკადები; კერძო საკუთრებაში და / ან მმართველობის ქვეშ აქვს შავი ზღვის პორტები; კასპიისა და შავი ზღვის საბორნე ხაზები. ქართულმა მხარემ კომპანიის თავმჯდომარეს ღრმა საზღვაო პორტის მშენებლობის საინვესტიციო პროექტი გააცნო, რომელიც იქნება კარიბჭე ევროპიდან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“,- აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში. „AGILITY“ წარმოადგენს ინტეგრირებული ლოგისტიკის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს 22,000-ზე მეტი დაქირავებული თანამშრომლით, რომლებიც 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტ ოფისში არიან დასაქმებულნი. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში და ის აერთიანებს სამ ურთიერთდაკავშირებულ სფეროს: ტვირთების გადაზიდვას, ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებს და სპეციალიზებულ მომსახურებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები