პრეზიდენტის ადმინისტრაცია: განათლების შესახებ კანონპროექტმა შეიძლება დისკრიმინაციული ხასიათი მიიღოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას და მის მოადგილეებს შეხვდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადმოცემული “ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს წუხილი, რომ პროექტი მოიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც ზოგადი ხასიათისაა და დაკონკრეტების პროცესში შეიძლება, მიიღოს დისკრიმინაციული ხასიათი.
აღინიშნა, რომ აუცილებელია, ეს დებულებები დაიხვეწოს ზოგადი განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე და მათი დანერგვა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციური ღირებულებების, მათ შორის განათლების საყოველთაოობის და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე.
“ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კანონპროექტში არის მთელი რიგი დებულებები, რომლებიც დაკონკრეტების პროცესში, შეიძლება იყოს დისკრიმინაციული. ეს შეხედულება, ეს წუხილი ჩვენ გავუზიარეთ განათლების მინისტრს და მისგან მივიღეთ თანხმობა, რომ დაკონკრეტების პროცესში, რეფორმის შემდეგ ეტაპებზე ამ დებულებების დაკონკრეტება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური ფასეულობების, განათლების საყოველთაოობის და მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე”,- განაცხადა ანა დოლიძემ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების რეფორმის ხედვა, გაიზიარა პრეზიდენტის შეხედულებები და აღნიშნა, რომ რეფორმის შემდეგ ეტაპზე ყველა ხსენებული დებულება დაკონკრეტდება სწორედ ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ხელს აწერს ამ კანონპროექტს და ყურადღებით მიადევნებს თვალს რეფორმის განხორციელების შემდეგ ეტაპებს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი მიიღო დაჩქარებული წესით სამი მოსმენით ოთხ დღეში. ასეთ შემჭიდროებულ ვადებში კანონპროექტის მიღებამ არ მისცა საშუალება დაინტერესებულ საზოგადოებას სიღრმისეულად შეესწავლა და ემსჯელა ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები