საავიაციო ექსპერტი – „ტუ-154“, ავიაკატასტროფამდე შესაძლოა, ტერორისტებმა გაიტაცეს
რუსი საავიაციო ექსპერტი, საჰაერო მოძრაობის ერთიანი ორგანიზაციის ცვლის ყოფილი უფროსი ვიტალი ანდრეევი არ გამორიცხავს, რომ სოჭის მახლობლად, 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი „ტუ-154“ ტერორისტებმა გაიტაცეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„ტუ-154“-ის კატასტროფას წინ უძღოდა ექსტრემალური სიტუაცია, რომელიც ბორტზე შეიქმნა. ამის გამო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალი ვერ გადასცა. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენის შემდეგ ორ წუთში გაქრა. შესაბამისად იყო ექსტრემალური სიტუაცია ბორტზე ან გარე ზემოქმედება,“ – განაცხადა ანდრეევმა.
მისი თქმით, „ტუ-154″ საკმაოდ საიმედო თვითმფრინავია და იყო შემთხვევები, როდესაც ავიალაინერი სამივე ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგაც კი დამჯდარა. ანდრეევი ამბობს, რომ ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პილოტები განგაშის სიგნალს აუცილებლად გააგზავნიდნენ.
„რადგანაც სიგნალი გაგზავნილი არ ყოფილა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიქმნა ექსტრემალური სიტუაცია, შესაძლოა ავიალაინერი ტერორისტებმა გაიტაცეს. დეტალურად ამ მიზეზების შესახებ საუბარი ე.წ. შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ იქნება შესაძლებელი,“ აღნიშნავს საავიაციო ექსპერტი.
რუსული „ტუ-154″, რომელმაც შავ ზღვაში კატასტროფა განიცადა, სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. მის ბორტზე 92 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.