იზორია ჯარისკაცებს: ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ და ეს გამოწვევები მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა. 15724249_1265901090120434_157739317_n
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე და შვილიც ესწრებოდნენ.
ამავე განცხადების თანახმად, დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სერჟანტთა მომზადების ცენტრის ძირითადი და შუალედური სასწავლო კურსების გამოშვების ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარჩინებული კურსდამთავრებულები სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. ღონისძიების დასასრულს ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სამხედრო განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
”სიმბოლურია, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრი, ჩვენი გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. მინდა, დიდი პატივით მოვიხსენიო მისი სახელი. მადლობა მისი ოჯახის წევრებს მობრძანებისთვის. ეს, ჩვენ მოტივაციას და მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსება. მერწმუნეთ, რომ ვაჟკაცი, მტერიც კი, ამას ყოველთვის დააფასებს, ხოლო ლაჩარი მოწინააღმდეგე იმავეს ჩაიდენს, რაც ანწუხელიძის წინააღმდეგ ჩაიდინეს. ამიტომ, თითოეული ჯარისკაცის ღირსების საქმეა თავდადების, თავგანწირვის მაგალითი აჩვენოს. ახლა, ჯერი ჩვენზეა – ჩვენი პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით შევქმნათ ისეთი ჯარი, რომელიც მოქმედებებში ძალიან გონიერი, მობილიზებული იქნება. თქვენ, სწორედ ასეთი შეიარაღებული ძალების საფუძველი ხართ. თქვენ, ხართ ლიდერებს შორის ლიდერები. ამიტომ, თქვენს უნარებზე, თქვენს მაგალითზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეიარაღებულ ძალებს შევქმნით მომავალში. ეს ცენტრი ერთ-ერთი სამაგალითოა”, – განაცხადა იზორიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მომავალში იგეგმება შეიმუშავონ უკვე მეთაურთა, სერჟანტთა პროგრამები, რათა, 2018 წლიდან, მათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დახვეწონ შესაბამისი უნარები.
”ასე რომ, ჩვენი რეფორმები გადის სწორედ ლიდერებზე. სერჟანტი უნდა გახდეს წინამძღოლი არა მხოლოდ ომში და ჯარში, არამედ რეფორმებშიც. იცით, რომ ძალიან პრობლემურ რეგიონში ვცხოვრობთ, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ და, ბუნებრივია, ეს გამოწვევები ჩვენ მოდუნების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენი უკვე გაცხადებული და დაწყებული ოპტიმიზაცია სწორედ იმას უკავშირდება, რომ რაც შეიძლება მეტად ავამაღლოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა და კვალიფიკაცია. ამიტომ, მომავალი წლიდან ყველანაირი პირობა უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რათა ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი, ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისი. ჩვენ ძალიან ბევრ ინვესტიციასა და ენერგიას ჩავდებთ, სწორედ, ასეთი სასწავლო ინფრასტრუქტურის შექმნაში, განსაკუთრებით საუბარია წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე. ვაზიანშიც ვგეგმავთ სერიოზული სასწავლო ცენტრის შექმნას და, ბუნებრივია, სერჟანტთა მომზადების ცენტრიც ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება ჩვენთვის. ასე რომ, ჩვენი რეფორმა მიზნად ისახავს თითოეული ჯარისკაცისთვის ღირსეული პირობების შექმნას, რათა მან თავი იგრძნოს სახელმწიფოსგან დაფასებულად, რომელსაც ერი ენდობა თავის საქმეში – სამშობლოს და ქვეყნის დასაცავად“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებული სამხედროები სერჟანტთა მომზადების ცენტრის კაპელანმა მამა გიორგიმ დალოცა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრში სასწავლო კურსები 26 სექტემბერს დაიწყო და 13 კვირას გაგრძელდა. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სერჟანტებმა მიიღეს. ათეულის მეთაურის ძირითადი კურსი 71-მა სამხედრომ გაიარა, ოცეულის მეთაურის შუალედურ კურსს კი 34 სამხედრო დაესწრო. 13-კვირიანი სასწავლო პროგრამის განმავლობაში სერჟანტები თეორიულ მეცადინეობასთან ერთად პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც დაეუფლნენ.
საკარიერო კურსების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა საერთო საჯარისო ტაქტიკა, ოპერატიული ბრძანების მომზადება და განხორციელება, საცეცხლე მომზადება, საბრძოლო მომზადების ორგანიზება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, სამხედრო ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა შეისწავლეს. ათეულის მეთაურის ძირითადი კურსის მსმენელებმა დამატებით პირველადი სამედიცინო დახმარება და სამწყობრო მომზადებაც გაიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები