კომპანია „ჯეოსელი“ განცხადებას ავრცელებს
კომპანია „ჯეოსელი“ სატელეფონო მომსახურების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდებოდა, განმარტებებს აკეთებს.
„როგორც ყოველდღიური საჭიროებისთვის უმნიშვნელოვანესი სატელეკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერი, „ჯეოსელი“ სისტემატურად ახორციელებს ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოებს. ამ სამუშაოების მიზანია, ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო სერვისები და მომსახურება.
ამის ფარგლებში, ბოლო პერიოდში კომპანიამ ჩაატარა ქსელის მორიგი ოპტიმიზაცია, რაც ემსახურება არსებულის უახლესი ტექნოლოგიური საშუალებებით ჩანაცვლებას.
აღნიშნული სამუშაოების გატარებისას 22 დეკემბერს აბონენტებს შეექმნათ შეფერხებები. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით იმ ფაქტს, რომ მსგავსი დისკომფორტით ზარალდება ჩვენი მომხმარებელი, როდესაც მას ეზღუდება სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება.
ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ჩვენს აბონენტებს შეექმნათ მსგავსი შეფერხება მობილური კავშირის განხორციელების დროს როგორც ბიზნესის, ასევე პირადი საჭიროებისთვის, თუმცა გვინდა დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოები ემსახურება ჩვენს 2017 წლის სტრატეგიას, რომლის თანახმად, „ჯეოსელის“ მიზანია, ვიყოთ საუკეთესო მომსახურების მომწოდებელი და შევთავაზოთ მომხმარებელს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი სატელეკომუნიკაციო სერვისები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.