„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო კომისიის 8 წევრის ვინაობა დაასახელა

„ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო კომისიის წევრები ცნობილია. პარტიამ ის 8 პოლიტიკოსი დაასახელა, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის წევრები გახდებიან. საკონსტიტუციო კომისიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან: 1. გიორგი ტუღუში 2. ოთარ კახიძე 3. ზურაბ ჭიაბერაშვილი 4. ხათუნა გოგორიშვილი 5. სერგი კაპანაძე 6. სალომე სამადაშვილი 7. მამუკა ჩიქოვანი 8. ირაკლი აბესაძე.
“ჩვენ გვგონია, რომ ამ კომისიამ უნდა იმუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც მართლა საჭიროებს ცვლილებას და ეს არის ჩვენთვის საარჩევნო სისტემა, რომ ასეთი უსამართლო სისტემა, რომელიც ახლა არის, არ იყოს, როცა ნახევარზე ნაკლები ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდაჭერის შედეგად 3/4-ს იღებს რომელიმე პოლიტიკური ძალა და ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია აქვს. ამიტომ, ჩვენი მოწოდება არის ხელისუფლების მიმართ და ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების მიმართ, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ სწორედ ამ თემაზე მუშაობა, რომელიც მართლა საჭიროებს რეფორმირებას,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ კომისიის შემადგენლობა ოფიციალურად დღეს უნდა დასახელდეს. შესაბამის აქტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოსცემს, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა. უმრავლესობას კომისიაში 23 წევრი ეყოლება. 8 წარმომადგენელი ეყოლება “ნაციონალურ მოძრაობას”, 2-“პატრიოტთა ალიანსს”, თითო-თითო “ლეიბორისტებს”, “თავისუფალ დემოკრატებს” და “დემოკრატიულ მოძრაობას”.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კი, რომლიც კომისიაში ვერ მოხვდა, მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. უცვლელია პრეზიდენტის პოზიციაც, რომლის წარმომადგენლები კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები