დედამიწის ბირთვის გარე ფენაში თხევადი ლითონის ნაკადი აღმოაჩინეს
დედამიწის ბირთვში მეცნიერებმა თხევადი ლითონის ნაკადი აღმოაჩინეს. მისი სიგანე 420 კილომეტრია და ის წელიწადში 40-45 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ნაკადი დედამიწის ზედაპირიდან 3 ათასი კილომეტრის სიღრმეში მოძრაობს. დედამიწის ბირთვი ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველზე პირდაპირ მოქმედებს. სწორედ თხევადი რკინა, რომელიც ბირთვის ზედა ფენაში მოძრაობს, ქმნის მაგნიტურ ველს. ეს პროცესი „გეომაგნიტურ დინამო მანქანას“ მოგვაგონებს. რკინა იმის გამო მოძრაობს, რომ ბირთვის შიდა ნაწილი სითბოს მუდმივად კარგავს. მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწის ბირთვის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს. მისი შესწავლა კი ჩვენი პლანეტის და მთლიანად მზის სისტემის ფორმირებაზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის.