“რჩეულიშვილის შესახებ ინფორმაციას ავთო ჯორბენაძე ფლობს” – ყოფილი მინისტრი იმ კლინიკის ხელმძღვანელია, სადაც პატიმარი მკურნალობს

“ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, გ. ჩაფიძის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობს. ამ სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძეა. 15682827_1336207363068420_820073974_n
როგორც „კვირას“ აკადემიკოსმა გულიკო ჩაფიძემ განუცხადა, პაციენტ მაია რჩეულიშვილის შესახებ ყველა ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელს ავთო ჯორბენაძეს აქვს.
„პაციენტი ჩვენთან მკურნალობს. მას სხვადასხვა მიმართულებით მკურნალობენ. მკურნალობის შესახებ ყველა ინფორმაციას ავთანდილ ჯორბენაძე ფლობს და დაუკავშირდით პირადად მას“, – აღნიშნა გულიკო ჩაფიძემ.
მან, „კვირასთან,“ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ გაამჟღავნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა სხდომათა დარბაზში შუამდგომლობა წარადგინა. შუამდგომლობის თანახმად, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, შესაბამისად, მისი პატიმრობაში დატოვება მისი სიცოცხლისთვის საშიშია. დაცვის მხარე ამ პოზიციას რამდენიმე კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო ცნობებით ადასტურებს. მარინე ცუცქირიძე კომპანია “ცენტრ-პოინტის“ ადვოკატია.
“ეს არ არის ერთი კლინიკიდან გამოთხოვილი, ეს არის კომპლექსური დოკუმენტაცია ყველა კლინიკიდან, თუ სადმე გაიარა მკურნალობა მაია რჩეულიშვილმა გუშინდელი დღის ჩათვლით. გამოთხოვილი გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც დაზუსტებით ყველა ექიმი ხელს აწერს იმ დასკვნას, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა არის მძიმე, მას მარცხენა ფილტვზე აქვს სიმსივნე, ასევე გულის იშემიური დაავადება, კუჭ-ნაწლავზე აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და ზოგადად მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს დოკუმენტაცია მე წარმოდგენილი მაქვს და დღეს სასამართლო პროცესზე ამას გავაცნობ როგორც მოსამართლეს, ასევე ბრალდების მხარეს და ვფიქრობ, თუ ობიექტური იქნება მოსამართლე, ჩვენი შუამდგომლობა ყველა შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს. გირაოს სახით 50 000-ს შევთავაზებთ იმიტომ, რომ ძალიან დიდი თანხებთან არის დაკავშირებული ქალბატონი მაიას მკურნალობა. როგორც იცით ყველა სახსარს გაიღებს ოჯახი. პროკურატურა, ვიცით, რომ ელოდება ჩვენი მხრიდან დოკუმენტაციის წარდგენას. დღეს წარვადგენთ ამ დოკუმენტაციას. გაეცნობიან და იმედს ვიტოვებ, რომ დაგვეთანხმებიან,“ – აცხადებს ადვოკატი.
ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პროკურატურა რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ახმოვანებს.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაია რჩეულიშვილის დამცველი ადვოკატების მიერ ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ ამ მიზეზით მოითხოვდნენ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას, ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან გამოვითხოვეთ მაია რჩეულიშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია. მოგახსენებთ, რომ ექსპერტებთან გავიარეთ ეს დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ მაია რჩეულიშვილს ახალი დაავადება ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის. შესაბამისად მიგვაჩნია, ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზი იმისა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვამ დააყენოს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ, გარდა აღნიშნულისა, სამედიცინო დოკუმენტაციაში გარკვეული შეუსაბამობა აღმოჩინა ბრალდების მხარემ, თუმცა ჩვენ კიდევ ველოდებით სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებიდან ინფორმაციას, კერძოდ მათ მიერ მზადდება დასკვნა მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამ დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიების ცალკე საგანი სამედიცინო დოკუმენტაციაა, რომელიც ამ მომენტშია გაცემული,“ – აღნიშნა პროკურორმა დავით გუმბერიძემ .
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ჯორბენაძეს სახელმწიფო მინისტრის პოსტი 2001-2003 წლებში ეკავა, სწორედ ამ პერიოდში ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის მეუღლეს ვახტანგ რჩეულიშვილს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები