თბილისში ისრაელის დიპლომატიური მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ორი მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

24-25 დეკემბერს თბილისი, ისრაელის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასა და ისრაელის დიპლომატიური მხარდაჭერის ახალი მოდელის – ჰასბარას პირველ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს.
ღონისძიებებზე დასაწრებად 23 დეკემბერს თბილისს ეწვევა წარმომადგენლობითი დელეგაცია ისრაელიდან: პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერები ხილიკ ბარ და ტალი პლოსკოვ, ქნესეთის მმართველი კოალიციის ხელმძღვანელი დავიდ ბიტან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი, ისრაელის წამყვანი ტელეკომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები, „ვაშინგტონ პოსტის“ (აშშ) ანალიტიკოსი, ბიზნესმენები, აგრეთვე, ევროპაში ისრაელის მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და მსოფლიო ებრაელობის ლიდერები გერმანიიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, პოლონეთიდან.
მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით. ისრაელის სახლი ოპერის სახელმწიფო თეატრში სამი წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაციასაც გამართავს.
ისრაელის სახლი საქართველოში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს ინიციატივითა და ქნესეთის მონაწილეობით სამი წლის წინათ შეიქმნა და მიზნად ისახავს ისრაელს გარეთ ჰასბარას გააქტიურებასა და ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავებას. ისრაელის სახლის თაოსნობით, ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა ისრაელის ხელისუფლების, ბიზნესის, ჰაიტეკის, ტურიზმის ინდუსტრიისა და მედიის წარმომადგენელთა არაერთი ვიზიტი.
ისრაელის სახლის საპილოტო პროექტი ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხილიკ ბარის და მმართველი კოალიციის ხელმძღვანელის დავიდ ბიტანის უშუალო მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
როგორც ისრაელის სახლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე აღნიშნავს, დღეს მიღწეულია სამი ძირითადი შედეგი: შეიქმნა ჰასბარას განხორციელების საერთაშორისო მოდელი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც ამოქმედდება; საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერება გახდა ნიმუში ისრაელის სხვა მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობაში; სამწლიანი აქტიური ორმხრივი მუშაობის შემდეგ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობები სწორ სახელმწიფოებრივ ფორმატში მოექცა
ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით, პირველი მასშტაბური ღონისძიება 24 დეკემბრისთვის, 19.30 საათზე, ოპერის სახელმწიფო თეატრშია დაგეგმილი, სადაც საზეიმო ვითარებაში აღინიშნება ებრაული დღესასწაული ხანუქა და აინთება ხანუქას პირველი სანთელი.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს-პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტარები, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური. დაგეგმილია პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაც; დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, აგრეთვე, ისრაელის ელჩიც. ქართველი მომღერლები ოპერის სიმფონიურ ორკესტთან ერთად შეასრულებენ ცნობილ ებრაულ კომპოზიციებს, ხოლო მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი ელისო ბოლქვაძე მაყურებლის წინაშე რამდენიმე კლასიკური ნაწარმოებით წარდგება.
ისრაელის დელეგაციის ვიზიტის მეორე დღე სასტუმრო „ბილტმორში“ 09.00 საათზე, ისრაელის საერთაშორისო გამოწვევების, ჰასბარასა და გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს დაეთმობა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი და ქნესეთის ვიცე სპიკერი ხილიკ ბარი ისრაელის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ მოხსენებით გამოვლენ. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია თემისადმი ორ განსხვავებულ მიდგომას შეეხება.
საერთაშორისო ფორუმს დაესწრებიან ისრაელის დელეგაცია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკის ანალიტიკოსები, აღმოსავლეთმცოდნეები, სტუდენტები. ღონისძიებას ისრაელისა და ქართული მედიაშუალებები გააშუქებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები