გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობთ მომხდარ ტერორისტულ აქტებს

“საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობთ მომხდარ ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, გუშინ მომხდარ, რუსეთის ფედერაციის ელჩის საზარელ მკვლელობას”, – ამის შესახებ თურქეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ტერაქტების შედეგად დაღუპულთა, დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა.
„როდესაც ჩვენ აქ მოვდიოდით, გზად გავიარეთ ადგილი, სადაც მოხდა 10 დეკემბრის საზარელი ტერორისტული აქტი და პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას. სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი ინციდენტი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ჩვენ, საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობთ მომხდარ ტერორისტულ აქტებს, მათ შორის, გუშინ მომხდარ რუსეთის ფედერაციის ელჩის საზარელ მკვლელობას და სამძიმარს ვუცხადებთ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა, დაშავებულთა ოჯახებს და, რა თქმა უნდა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას.
მაგრამ, ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის ერთადერთი წამალი – მეტი კონსოლიდაცია და უფრო მეტი ისეთი ერთობლივი პროექტები, როგორის გახსნასაც დღეს ვესწრებით, მეტი თანამშრომლობა და ერთად დგომა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გაგვაჩნია.
გვინდა, ვუსურვოთ ჩვენს მეგობარ, მოძმე თურქეთის რესპუბლიკას და თურქ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, რათა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ, მთლიანად, რეგიონში იყოს სტაბილური განვითარების საშუალება და ადამიანებმა დაივიწყონ ის დარდი, რომელიც მათ დღეს აქვთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ასე იქნება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები